თამარ შუკვანი
19.12.2019

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში სუიციდის შემთხვევები და მისი ფატალური შედეგი, საკმაოდ დამაფიქრებელი და სავალალოა. ბოლო წელიწადნახევარში 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს გვაწვდის. ეს სტატისტიკა, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას განცხადებით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი გარომანტიულებულია. თანაც, საჭიროა მშობლებმა იცოდნენ საკუთარი შვილებისთვის რა არის ღირებული და ამაზე იყოს მათი აქცენტი გადატანილი.

ფსიქოლოგი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ ყველაფერში მთავარი როლი საზოგადოებას უჭირავს. აუცილებელია აქცენტი გაკეთებული იყოს პოზიტიურ ფაქტებზე, ვიდრე ტრაგიკული შემთხვევების ტირაჟირება ხდებოდეს.

„თვითმკვლელობა ზედმეტად გავარომანტიულეთ. ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მითუმეტეს მოზარდებმა, არ იციან ემოციის მართვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში. ამას ჩვენში განაპირობებს ემოციური ინტელექტი, რომლის დეფიციტშიც ვიმყოფებით თანამედროვე კაცობრიობა და არა მხოლოდ საქართველო.

„ვიღაც გადმოვარდა თუ გადმოხტა მაღალი სართულიდან, გადარჩა, შემდეგ მასზე ვლაპარაკობთ, გაუთავებლად ვწერთ, სიმღერებს ვუძღვნით და ა.შ. გარდამავალ ასაკში წამყვანი არის პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილება. რითი ვიქნებით აღიარებული - ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ვიყოთ აღიარებული. ეს პროცესი რომანტიზებული გავხადეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

„ამას სჭირდება ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება. ტკივილი და სიკვდილი ტრაგედიამდე უნდა ამაღლდეს, ანუ მან უნდა მოიტანოს კათარზისი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მოიტანს, როდესაც მის მიმართ გვექნება ადეკვატური, შესაბამისი დამოკიდებულება. სირძნის მომტანია ის, თუ მისი გაცნობიერება მოხდება. არ შეიძლება სიკვდილი გამოყენებული იქნას ნებისმიერი რამისათვის, არ შეიძლება, რომ მას არ ვცეთ პატივი.

„თუ მოზარდი არ არის ორიენტირებული იმ ღირებულბებზე, რომელიც კაცობრიობას გააჩნია, იქ საფრთხე ყოველთვის დადგება. ყველა მშობელმა, ოჯახმა უნდა იცოდეს მოზარდი რაზეა ორიენტირებული და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მხრცოვან ასაკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში კვლავ ჩემპიონი გახდა 78 წლის ასაკში. ვინმე აკეთებს ამაზე აქცენტს? არის ამ ინფორმაციის ტირაჟირება? - ჩვენ ვცხოვრობთ აგრესიაში, ურთიერთგაუტანლობაში, ცილისწამებაში, დაბულინგებაში და ბილწსიტყვაობაში. სიკვდილის გაუბრალოება არის უბედურება, ჩვენთვის გაუბრალოებულია ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური სიკვდილი," - განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

შსს-ს ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ ამავე პერიოდში, 30 წლამდე ასაკის 51-მა მოქალაქემ მოიკლა თავი. 2019 წლის პირველ 6 თვეში, თავი მოიკლა ან თვითმკვლელობა სცადა 425-მა მოქალაქემ, მათგან 197 დაიღუპა. გასულ 2018 წელს კი, 399-მა მოქალაქემ მოიკლა თავი. თვითმკვლელობა კი 466-მა მოქალაქემ სცადა. ჯამში, წელიწადნახევარში სუიციდის და სუიციდის მცდელობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×