ელზა პაპოშვილი
20.12.2019

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას გადასარჩენად მედიკსოები კვლევ იბრძვიან და არ არის გამორიცხული, რომ მას მესამე ქირურგიული ოპრეცია დასჭირდეს. მანამდე კი გამოძიება მისი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სავარაუდოდ, ორ ვერსიას ამუშავებს – შურისძიება თუ ბიზნესს საქმიანობის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა? გამოძიება მუშაობს  იმის დასადგენად, თუ ვინ და რატომ დაჭრა ცოტნე გამსახურდია.

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ვერაზე მომხდარი დანაშაული ზუსტად 10 წლის წინანდელ ფაქტს უკავშირდება. საუბარია 2009 წლის ინციდენტზე, როცა ცოტნე გამსახურდიამ დავით ბაჯელიძე დაჭრა. პირველი პრეზიდენტის შვილი კი ამ საქმის გამო დააკავეს. ბაჯელაძე გამსახურდიას მეზობელია და მის წინ ცხოვრობს. 

გამსახურდიების ოჯახი გალის ქუჩის 19 ნომერში ცხოვრობს, სადაც ის მეზობლებმა უკვე დაჭრილი იპოვეს.  თუმცა მეზობლები „რეზონანსთან“ ამ ვერსიას უარყოფენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი წასრულში მოხდა და მას გაგრძელება აღარ ჰქონია. დავით ბაჯელიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვალი მოუკრავთ ყავარჯნიანი კაცისთვის, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა. 

გამსახურდიას ახლობლები კი ამბობენ, რომ მას ჩასაფრება მოუწყეს და ქუჩის  განათება, რომელიც სახლთან მუდმივად ენთო, სწორედ იმ დროს გამორთული იყო. ვარაუდობენ, რომ ის მიზანმიმართულად დააზიანეს, რათა სიბნელეში კამერებზე თავდამსხმელების სახე არ გამოჩენილიყო. თავდამსხმელების სავარაუდო რაოდენობა, რომლებმაც ცოტნე  გამსახურდიას არაერთი ჭრილობა მიაყენეს, 5-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. 

"ვითომ ბაჯელიძეო, ასეთი ვერსიაც გავრცელდა და პოლიციელებმაც დაკითხეს. ბაჯელიძე რა შუაშია? რაც გამოვიდა, კარგად, მეგობრულად იყვნენ.  ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ და რამე სხვა კონფლიქტს უკვე წლებია ადგილი არ ჰქონია. ეს არის უბანი. უბნელი ამას არ იზამდა. ეს არის უცხო ვიღაცა პირი შემოსული. თანაც ერთი და ორი კაცის გაკეთებული არ არის. რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, ამდენ დაზიანებას და ჭრილობებს 3–4 კაცი ვერ მიაყენებდა," - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლოდან გამოსულ ცოტნე გამსახურდიას სავარაუდოდ ჯერ უკნიდან უნდა მიპარვოდნენ და თავში ბლგვი საგანი ჩაერტყათ. წაქცეულს კი, სავარაუდოდ, ჯერ სცემეს, შემდეგ კი ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენეს. მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თავდამსხმელები  გალის ქუჩის გავლით, ლარსის ქუჩის მიმართულებით უნდა გაქცეულიყვნენ. 

კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ეს გახლავთ "პრიუს სერვისი", რომელიც ცოტნე გამსახურდიას ეკუთვნოდა. შიგნით განთავსებულია რამდენიმე განყოფილება და ის წლების განმავლობაში ამ ფართებს აქირავებდა. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება სწორედ ბიზნეს პარტნიორობას უკავშირდება.

ვერსიის მიხედვით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ქირაობდა ფართს, არ იხდიდა გადასახადს, რის გამოც ცოტნე გამსახურდიას მასთან დაპირისპირება მოუვიდა. ამ ვერსიას ადგილზე არავინ არ ადასტურებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იყვნენ, მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე წაიყვანეს.

ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდიას არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი დაესხა თავს, მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. ამირან გიგუაშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს,  რომ ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. აქვს კითხვები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თუ რატომ იყო გალის ქუჩაზე გათიშული ქუჩის განათება. ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დასახელებული ვერსიებიდან გამორიცხული არცერთი არ უნდა იყოს. 

ადვოკატი შს სამინისტროს მიერ გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ელოდება, რომელიც უწყებას ჯერჯერობით  არ გაუვრცელებია.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე. ფაქტია, რომ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამაზეც მუშაობს საგამოძიებო ორგანო. ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ვიდრე რეალური მტკიცებულებები არ გვექნება ამაზე კონკრეტულად საუბარი რთულია. საგამოძიებო ორგანოსთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს . რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონდა," - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე კი  გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტს იხსენებს. მისი განცხადებით, ცოტნეს თავს მაშინ დაესხნენ, როგორც კი მან საცხოვრებელი სახლი დატოვა. ვარაუდობს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა. მეუღლის თქმით, ცოტნე გამსახურდია ნაწამებია, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. 

„ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, ეს ადამიანის მოკვლა არ არის, ეს ადამიანის წამებაა, 4 ჭრილობა აქვს თავში. ბევრნი იქნებოდნენ იმიტომ, რომ ორს და სამს ნამდვილად თვითონ გაუმკლავდებოდა. ჩასაფრებულები იყვნენ რა თქმა უნდა, ელოდებოდნენ იმიტომ, რომ გამოვიდა სახლიდან მშვიდად და პირდაპირ აქ დაესხნენ თავს, ჭიშკართან ეყარა ნივთები. სახლიდან გავიდა და თავს დაესხნენ მაშინ. გამოკითხვაზე ყველას გვკითხავენ აბსოლუტურად," - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.  

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმედ რჩება. ექიმებმა მას 2 ოპერაცია ჩაუტარეს. ბოლო ოპერაცია, რომელიც ნეიროქირურგიული ოპერაცია იყო, გაგრძელდა თითქმის 8 საათის განმავლობაში. ექიმები თქმით, შესაძლოა მას კიდევ ერთი, მე-3 ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

გამსახურდიას 10-მდე დაზიანება აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილიდან ნივთ მტკიცების სახით ავტომობილიც არის ამოღებული, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი.

შს სამინისტრო 19, 108 მუხლით მუშაობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×