ელზა პაპოშვილი
20.12.2019

 სასტიკი მკვლელობა კახეთში - სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური მეზობლებმა ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებს მაშინვე ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის მოკლული იყო. 

„რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცი ოთახში სახით იატაკზე იწვა და მას თავის არეში რამდენიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მოხუცის სახლის კარს გარედან კლიტე ჰქონდა დადებული და ამიტომაც მეზობლებს ეგონათ, რომ ის სახლიდან წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ღულელაურმა წინა დღეებში საქონელი გაყიდა და მას სახლში ფული ჰონდა. ამიტომაც მაშინვე ეჭვი გაჩნდა, რომ ის ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ მოკლეს. არ არის გამორიცხული, რომ მან დამნაშავე ამოიცნო და მის გასაჩუმებლად იძულებული გახდნენ, რომ მოეკლათ. 

„არავინ არ ჰყავს, მარტოხელა მოხუცია. საქონელი ჰყავდა და წინა დღეს სანამ მოკლავდნენ  გაყიდა. რა თქმა უნდა, სოფელშიც და მეზობლებმაც იცოდნენ, რომ ამ საქონლის ფული ჰქონდა. ამბობდა, რომ თავის მამა-პაპის სოფელში დაბრუნება უნდოდა და ეს ფული ამისთვის სჭირდებოდა. ორი დღე რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრეთ ალბათ წავიდა. მაგრამ მერე ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ასე დაუმშვიდობებლად რანაირად წავიდოდა. 

თანაც მეზობლებს არც სახლიდან გამოსული გვინახავს. მივედით ვეძახდით, მაგრამ არავინ გვაგონებდა. მერე კარზე კლიტე დავინახე და ვიფიქრე, რომ მართლა წავიდა. თუმცა მეზობელმა მითხრა, რომ წასვლას ჯერ არ აპირებდა. მოკლედ საეჭვოდ მოგვეჩვენა ყველაფერი და პოლიცია გამოვიძახეთ. 

კარი გააღეს და საწოლთან იატაკზე სახით იყო დავარდნილი. სისხლში ცურავდა. სასტიკდ იყო ნაცემი და თავში ბლაგვი საგნით რამოდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ სახლიც დაათვალიერა და ფული ვერსად ნახა“, - აცხადებს გარდაცვლილი მოხუცის მეზობელი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი დანაშაულის გახსნა ცხელ კვალზე მოხდა. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში, დანაშაული გახსნა და  64 წლის ადგილობრივი დააკავა. გამოძიება საქმეზე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×