21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციულად გორში სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში კომუნისტური პარტიის წევრები შეიკრიბნენ, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა რუსეთის ქალაქებშიც, რუსულ მედიაში კი ეს იუბილე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
„კამსამოლსკაია პრავდაში" გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ სტალინის შვილთაშვილთან, ბრიტანეთში მოღვაწე მხატვარ იაკობ ჯუღაშვილთან, სადაც იგი დიდი ბაბუის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბრობს.
იაკობ ჯუღაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ მისმა გვარმა სწავლაში და მუშაობაში ხელი შეუშალა. იგი იხსენებს, რომ გლაზგოს სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციამ, რომელშიც სწავლობდა, თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია მისი წარმოშობის შესახებ ზედმეტად არ გავრცელებულიყო. უფრო მეტიც, ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მისი გვარის - ჯუღაშვილის სწორად გამოთქმა ნამდვილი ტანჯვა იყო.
ინტერვიუში იაკობ ჯუღაშვილი სტალინის ქალიშვილ სვეტლანა ალილუევაზე საუბრობს, რომელსაც ოჯახისა და მამის მოღალატედ მიიჩნევს და არამზადას უწოდებს.
„მე სვეტლანა ალილუიევას ვთვლი ადამიანად, რომელმაც უღალატა საკუთარ მამას, ოჯახს და, რაც მთავარია, იმ ხალხს, რომლებიც აცმევდნენ, აჭმევდნენ და ასმევდნენ ამ არამზადას და ნაცისტებისგან განადგურებასაც გადაარჩინეს", -აცხადებს იაკობ ჯუღაშვილი.
კითხვაზე ურთიერთობს თუ არა სტალინის სხვა შთამომავლებთან, იგი კონკრეტულ მოკლე პასუხს სცემს და ამბობს, რომ „არ ურთიერთობს".
ინტერვიუში აღნიშნულია, რომ იოსებ სტალინ-ჯუღაშვილს დაბადების ორი თარიღი აქვს: არაოფიციალური - 1878 წლის 18 დეკემბერი და ოფიციალური - 1879 წლის 21 დეკემბერი.
მხატვარი ჯუღაშვილი კი აღნიშნავს, რომ სტალინის დაბადების დღე უკვე აღარ ეკუთვნის პირადად სტალინს ან მის ოჯახს, ეს პოლიტიკური თარიღია და ასეთად სტალინის სიცოცხლეშივე იქცა, როდესაც 1949 წლის 21 დეკემბერს სსრკ-სა და მსოფლიოში მისი 70 წლის იუბილე აღნიშნეს.