
იესო ქრისტე იშვა ღამით, ბეთლემში, ამ ღამეს მთელს სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა. შობის ღამეს რომში მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია. წარმართული ტაძარი დაინგრა, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა.
ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა. ისრაელში, დეკემბერში ვაზი აყვავდა. შიო მღვიმეში დეკემბერში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები მეალილოვე მწყემსების დარად დღესაც ელიან შობას.
ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ. იმ ღამით არ ეძინა სამ მწყემსს, რომელებიც ფარას მწყემსავდნენ. მათ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ზეციური ბრწყინვალებით და ამცნო - "მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნა ყოველი ადამიანისთვის, რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე".
იმ დროს როდესაც გაბრიელმა მწყემსებს ეს სასწაული ამბავი აუწყა, ზეციდან ანგელოზების გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ღმერთს ადიდებდნენ "დიდება მაღალთა შინა ღმერთისა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
მწყემსები ახალშობილის დაბადების ადგილას მივიდნენ და ნახეს სასწაული, საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, ირწმუნეს რომ ეს იყო მესია, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ და რომ იგი მოევლინა, რათა იხსნას კაცობრიობა. ყოველი შობის ღამეს ვარსკვლავის გამოჩენის შემდეგ მოციქულების წინამორბედი ქრისტეს მახარობელი მწყემსები მთელს ქვეყანას ამცნობენ ამ უდიდეს საიდუმლოს ქრისტეშობას.
ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნეა მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპრები ვარსკვლავით განათებულ ღამეში, ამცნობენ, ქრისტესშობის საოცარ ამბავს ქართველ ერს.
ტრადიციულად თითოეული ოჯახის კარმიდამოს რომ მოივლიდნენ და მასპინძელს ღვთის სადიდებელ ალილოს "ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო" უგულობდნენ.
მასპინძელი იესოს შობის მაცნეებს უხვად ასაჩუქრებდა. ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ- კაკალით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, რაც კი მოეპოვებოდა.
მეალილოვეს ძღვენის გარეშე გაშვება ფუძის უბარაქობას ნიშნავდა. აუცილებლად უნდა გამოეტანათ კვერცხი, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
ყოველ მეალილოვეში ქართველი ღმერთს ხედავდა, რომლისთვისაც მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო დიდებაც და თაყვანისცემა. ალილოს ტექსტში "ჩიტი ღობეზე შემოჯდა, წისქვილს პური დავარიგე" ჯანმრთელობის, ბედნიერების და ბარაქიანობას ნიშნავდა. იმ ღამეს მოწყალება, რომელიც უხვად გაიცემოდა ღარბ- ღატაკებს ურიგდებოდა.
თუშეთში შობას დიასახლისი ტაბლას რომ გააწყობდა, ნათლისღებამდე ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო, მას ქრისტეს სუფრას ეძახდნენ, ტაბლაზე უხვად დაწყობილი დიდი ქადები კი "ქრისტეს საგძალი".