
"ხელისუფლების შეთავაზება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეწინააღმდეგება არჩევნების სამართლიანი შედეგის დადგენის შესაძლებლობას.
"ხელისუფლებას რომ უნდოდეს არჩევნების სამართლიანი შედეგის დადგენა, დათანხმდებოდა პროპორციულ სისტემას, ან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ გერმანულ მოდელს. ახლა რა უნდა ქნან, ან რა უნდათ, არ ვიცი"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებას, რომლის თანახმადაც არჩევნები შერეული სისტმით ჩატარდეს, რომელშიც 100 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 50 მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან. ოპოზიცია ამ წინადედებას არ თანხმდება და ხელისუფლებას საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას უცხადებს.
"ხელისუფლებას რაიმე უნდა შემოეთავაზებინა, რადგან ხელში შერჩა არსებული სისტემა. იფიქრა, რომ ამ სისტემაში არის მაჟორიტარულის და პროპორციულის თანაბარი პროპორიციები. მაჟორიტარების ნაწილს 23 შეამცირებს და იყოს 50/100-ზე.
"ანუ, ის უარს არ ამბობს იმ მოდელზე, რომელიც 30 წელია მოქმედებს, რომლის წყალობითაც ერთი პარტია იღებს 50%-ზე ნაკლებს, მაგრამ მანდატებს იღებს 70%-ზე მეტს. ამიტომ გადაწყვიტა, ამას შევთავაზებ, რადგან ოპოზიცია იფიქრებს რომ ხელისუფლება ამაზე მეტს არ დათმობსო, ანუ ვაჭრობს.
"მაგრამ, ხელისუფლების ეს წინადადება არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება არჩევნების სამართალიანი შედეგის დადგენის შესაძლებლობას.
"არჩევნების სამართლიანი შედეგის დადგომა რომ უნდოდეს, დათანხმდებოდა პროპორციულ სისტემას ან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ გერმანულ მოდელს. მაგრამ, არც ამას თანხმდება. ახლა რისი იმედი აქვთ, ან რა უნდა ქნან, არ ვიცი.
"მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე მორიგი უსამართლო წინადადებით მოვლენ, მაგრამ, რა იქნება ეს მორიგი წინადადება, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რა იგულისხმება ამ განაცხადში. პირადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც რაიმეს აცხადებ კარგად უნდა გქონდეს გააზრებული რა შედეგს მიიღებ.
"ჩემი აზრით, განცხადებები უნდა გაკეთდეს ცივი გონებით და არა ცხელ გულზე. თანაც, ერთი ოპოზიონერის, თუ ორი და სამის გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამას მიიღებს ან ამ წინადადების ირგვლივ გაერთიანდება. დღეს ოპოზიცია ერთიანია მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტაში"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.