„საქართველოს ხელისუფლება შეიძლება კრიტიკის ობიექტი გახდეს და ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, აშშ-ს ტერიტორიაზე მათი შესვლა შეზღუდონ, - ვიზების გაცემას ვგულისხმობ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების" კრიტიკასა და ზეწოლის შესახებ კომეტირებისას.
საერთაშორისო პარტნიორების თვალში, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი, „ქართული ოცნების" მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა აშშ-მა და ევროპამ ერთდროულად დაიწყეს. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად გვესმის მოწოდება პირობის შესრულების შესახებ, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
ნიკა ჩიტაძე: არ არის გამორიცხული ვაშინგტონმა გამოიყენოს გარკვეული ბერკეტები, თუნდაც ივანიშვილის აქტივები აშშ-ს ბანკებში დააყადაღოს, თუმცა, ეს უკიდურესი ზომა იქნება. აშშ მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.
„რეზონანსი": აშშ-მა საქართველოში ელჩი დანიშნა, თუმცა, ზუსტი თარიღი იმისა, კელი დეგნანი როდის ეწვევა საქართველოს, უცნობია. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილები შეიძლება ჩამოიტანოს ახალმა ელჩმა?
ნ.ჩ.: აშშ-ს მაღალი მოთხოვნა ექნება, რადგან ვაშინგტონის დამხარების საერთო მოცულობა 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. აშშ დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარებით. აშშ-ს საქართველოში, რა თქმა უნდა, თავისი ინეტერესები გააჩნია, ეს იქნება გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური. ამიტომაც, აშშ ამ შემთხვევაში ყველა ძალისხმევას მიმართავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთის მიმართულებით არ შეიცვალოს.
შეეცდება გარკვეული ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ისინი (ხელისუფლების წარმომადგენლები) უფრო დამთმობი იყვნენ, პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ და ასევე აშშ-ს მიმართაც.
„რ": თქვენი აზრით, დღეს საქართველოში დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე ემუქრება?
ნ.ჩ.: დიახ, ასეა, - მხოლოდ ბოლო პერიოდი რომ გავიხსენოთ, თუ როგორი დიდი დარღვევებით ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ ძალა 20 ივნისს მომიტინგეების წინააღმდეგ. როდესაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ხალხს აპატიმრებენ, მგონია, რომ ამის საფრთხე არსებობს.
„რ": გაჩნდა მოსაზრება, თუკი აშშ და ევროპა „ქართულ ოცნებასთან" ასეთი ტონით საუბარს გააგრძელებენ, შესაძლოა საქართველომ ორიენტაცია შეიცვალოს და ამ შემთხვევაში ევროპისკენ კი არა, აზიისკენ მიმართოს გეზი. აქ საუბარი არ არის რუსეთზე - მასთან ურთიერთობა გამორიცხულია. რამდენად მოსალოდნელია მსგავსი რამ?
ნ.ჩ.: ეს უკვე ხორციელდება კიდეც. ვგულისხმობ ჩინეთს და მასთან თავისუფალი ვაჭორობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას, რომელიც ძალაში 2017 წლიდან შევიდა. შესაბამისად, ჩინეთი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი გახდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარებით.
ჩინეთთან თანამშრლობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისეთი რადიკალური გადახვევა აზიის მიმართულებით, რომ ზურგი შევაქციოთ დასავლეთს. ამ შემთხვევაში საქართველო ვერ განვითარდება.
ჩინეთთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა, თავად საქართველოს საგარეო ორიენტაცია დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული, არა ცალსახად, მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ მრავალვექტორული უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ძირითადი ორიენტაცია კი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული.
„რ": როგორ ფიქრობთ, დასავლეთი შეარბინებს ტონს „ქართულ ოცნების" მიმართ, ანდა, რამდენად მოსალოდნელია საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდეს?
ნ.ჩ.: „ქართული ოცნება" გარკვეულ დათმობებზე მიდის. თუნდაც ის, რომ ოპოზიციას და დიპლომატიურ კორპუსს სთავაზობს მაჟორიტართა რიცხვის შემცირებას. ფაქტია, რომ რაღაც ნაბიჯებს „ქართული ოცნება" დგამს, ამიტომ არ არის გამორიცხული შემდგომი დამთმობი ნაბიჯებიც. მითუმეტეს, დასავლეთი უკვე ღიად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე" იზრდება.