ალექსანდრე კორტავა
24.12.2019

  გაგრაში დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნას სერიოზული ვნებათაღელვა და დაპირისპირება მოჰყვა. ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიერ რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ ასტამურ ქეცბას ორშაბათს ახალ სამსახურში რამდენიმე ათეული ადამიანი დახვდა, რომლებმაც იგი კაბინეტში არ შეუშვეს.

როგორც ქეცბა საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, ის აპირებდა თანამშრომლების გაცნობას, როდესაც მისთვის უცნობი პირები ადმინისტრაციის შენობასთან დახვდნენ და არ მისცეს უფლება „საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა, როგორც რაიონის თავკაცს". ამის შემდეგ მან ხაჯიმბას გაცხადებით მიმართა და პოსტიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა სთხოვა.

ხაჯიმბამ თხოვნა გაითვალისწინა, ქეცბა გადააყენა და მის ნაცვლად გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფლების მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ ჯენია დანიშნა.

„დღეს მე უნდა წარვდგენილიყავი გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძრვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენ მივედით ადმინისტრაციის შენობასთან, მაგრამ იქ დაგვხვდა ხალხის გარკვეული ნაწილი, ძირითადად არა გაგრელები, რომლებიც განწყობილნი იყვნენ ჩემი დანიშვნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ვთხოვე არ წარედგინათ ჩემი კანდიდატურა და გაეუქმებინათ ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ. ამის შემდეგ გამოვედი შეკრებილი ხალხის წინაშე და ვთქვი რომ ამდენი მოწინააღმდეგის გამო მე მივმართე პრეზიდენტს, არ დავენიშნე აღნიშნულ თანამდებობაზე", - განაცხადა ქეცბამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გაგრაში მომხდარი ინციდენტის მიზეზი ისაა, რომ ქეცბა არ იცნობს გაგრის „შიდა სამზარეულოს" და სწორედ ამიტომ არ მიიღეს ის ქალაქის ადმინისტრაციის უფროსად:

„ხაჯიმბამ მთელი აფხაზეთის მაშტაბით საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა და პროცესმა ყველგან უმტკივნეულოდ ჩაიარა. გამონაკლისია მხოლოდ გაგრა. აღსანიშნავია, რომ ქეცბას კორუფციაში მონაწილეობას აბრალებენ. მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ იმის ეშინიათ, თვითონ არ იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ", - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი მომხდარში „პრეზიდენტ" ხაჯიმბასა და მისი ოპოზიციის დაპირისპირების ნშნებს ვერ ხედავს.

„თუ ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ გაგრაში, ესე იგი ეს ერთი ქალაქის პრობლემაა და ხაჯიმბას წინააღმდეგ მიმართული არ იქნება, რადგან მაშინ აღნიშნული პროცესები სხვა რაიონებშიც განმეორდებოდა და არა მარტო გაგრაში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×