
სასტიკი მკვლელობა ქუთაისში, საფიჩხიას სასაფალაოზე - ერთწლიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თავისი შვილის საფლავზე მეზობელი მოკლა. შემთხვევა 2018 წლის 30 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ქუთაისში ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტია“ და ამნისტიით იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან.
44 წლის გოგიტა სოფრომაძე მოკლული დილით გამვლელმა ქალმა იპოვა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცი ფაქტობრივად დაცხრილული იყო და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სასაფლაოდან სროლის ან კონფლიქტის ხმა არავის გაუგია, რადგანაც ის დასახლებული ადგილიდან მოშორებით მდებარეობს.
გამოძიების ინფრომაციით, სოფრომაძე მისივე მეზობელმა მერაბ ზოსიაშვილმა მოკლა, რომლის შვილის სალავზეც მისი ცხედარი იპოვეს. აღნიშნული პირი კი ქუთაისში ე.წ. ავტორიტეტია, რომელიც ნასამართლევი არაერთხელ ყოფილა. მას ადგილობრივები „კრიმინალურ ავტორიტეტად” მიიჩნევენ და „მოყვარეს“ მეტსახელით იცნობენ.
„ეს პირი, რომელმაც მეზობელი მოკლა, ადრეც მკვლელობაზე და ათას უბედურებაზეა ნასამართლევი. ყაჩაღობაზეც იყო მემგონი. მერე რაღაც ამნისტია შეეხო და დროზე ადრე გამოვიდა. ან ამას ამნისტია ვინ მისცა. ჩვეულებრივი მკვლელია. მეზობელი შვილის საფლავზე აიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფაქტობრივად დაცხრილა. თავში ჰქონდა არაერთი ტყვია ნასროლი.
„გვამის მოცილება ან სხვა ადგილზე გადატანა არც უფიქრია. საჩვენებელი დასჯა იყო. მიცვალებული გამვლელმა ქალმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა. მეზობლებს შორის ამბობენ, რომ ადრეც რაღაც კონფლიქტი არსებობდა. მერე მიიმალა და ერთი წელი ეძებდნენ. ქუთაისში კრიმინალურ ავტორიტეტად იცნობენ. მეტსახელად „მოყვარეს“ ეძახიან“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის მეზობელი.
შსს-ს ცნობით კი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ.
დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.
5 ოქტომბერს კი მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ,,ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1974 წელს დაბადებული გ.ს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.