რეზონანსი
25.12.2019

რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს შანტაჟს განაგრძობს. სამშაბათს მან განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც კონტინენტთაშორის ზებგერით იარაღს ფლობს და საერთოდ შეიარაღების ამ სახეობაში მსოფლიო ლიდერია. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს.

რუსეთის ჯარის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ ისტორიაში პირველად რუსეთი უახლესი შეიარაღების შექმნის საქმეში მსოფლიო ლიდერია, მანამდე კი ყოველთვის, საბჭოთა კავშირის დროსაც და მას შემდეგაც, ამერიკას კუდში მისდევდა. ეს ეხებოდა როგორც ბირთვული იარაღის შექმნას, ასევე სტრატეგიული ბომბმშენებისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას.

„ახლა ჩვენ უნიკალურ მდგომარეობაში ვართ, როცა უკვე ისინი ცდილობენ ჩვენ დაწევას," - თქვა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სახეობის შეიარაღებაზე პენტაგონი ბოლო წლებია ასევე გამალებით მუშაობს. აგვისტოში ამეირიკის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ უკვე ამ იარაღის შექმნის ზღურბლზეა და შტატებს ის უახლოეს რამენიმე წელიწადში ექნება.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მანამდე ესპერი და თავდაცვის უწყების სხვა მესვეურები გამალებით უკიჟინებდნენ კონგრესს, რომ რუსეთი და ჩინეთი ზებგერით იარაღზე მუშაობდნენ და ამ მიმართულებით სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო ნაბიჯების გადადგმა.

როცა პუტინის ამ განცხადების კომენტირება სთხოვეს, ამერიკის თავდაცვის სამდივნოს პრესმდივანმა, უმცროსმა პოლკოვნიკმა რობერტ კარვერმა თქვა, „ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას, თუმცა რუსეთის განცხადებებზე დასამატებელი არაფერი გვაქვს"-ო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×