
კოლხეთის დაბლობში, ოქინის სერის ძირში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ისტორიულად მნიშვნლოვან ადგილას აშენდა. მის სამრეკლოსთან და გალავანთან გადიოდა უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელსაც "აბრეშუმის გზა" ერქვა. ჩხარი და წმინდა გიორგის ეკლესია დატანებულია 1737 წელს ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილ იმერეთის რუკაზე.
ვახუშტი ბატონიშვილი კი ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიას ასე აღწერს: "არს აქ ეკლესია უგუმბათო, რომელთა შინა ასვენია ჯვარი დიდ ფრიად, მდებარებს მას შინა ბეჭედი მთავარწმინდისა გიორგის მარადის სასწაულმოქმედი". ჩხარის წმინდა გიორგი ეკლესიაში მოხვედრილი ეს ჯვარი კვიპაროზის ხისგან ყოფილა დამზადებული, ხე, რომლისგანაც დამზადებულ ჯვარზე ქრისტე აცვეს.
წმინდა გიორგის სახელზე თავდაპირველად ნაგები ეკლესია სრულიად განაგურებულა და მე-18 საუკუნეში ხელახლა აუგიათ. რომელიც თავის სიწმინდეებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც ინახებოდა მრავალი ძვირფასი ნივთი. ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო დასვენებელი წმინდა საბას დიდი ვერცხლის ხატი, რომელიც ოქროთი ყოფილა დაფარული და 94 ძვირფასი ქვით შემკული. გადმოცემით ეს ხატი სარფიდან ყოფილა ჩამოტანილი. დასაკეც ბეჭდურ ხატზე მრავალი სცენებია წარმოდგენილი. მას 15 უჯრისგან შემდგარი სანაწილეები აქვს.
ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული ყოფილა წმინდა გიორგის ხატი ვერცხლის ფირფიტაზე. ასევე ხატი, სადაც წმინდა გიორგი გამოხატულია ცხენზე შუბით გველეშაპის მგმირავი, უნაგირზე უკან უზის მის მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებული პატარა ვაჟი. ჩხარის ეკლესიის საგანძურის მშვენება იყო ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატი; ვერცხლის კოვზი მარიამ დედოფლის სულის საცხოვნებლად; წმინდა გიორგის ორი ბეჭედი წარწერით; ბარძიმ-ფუშხუმი კოვზით. ბარძიმ-ფეშხუმი ვარსკვლავით. ვერცხლის ჯვარი ანა დედოფლის მიერ შეწირული. ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი და სხვა ძვირფასეულობა.
ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა მე-16 საუკუნის უნიკალური ნაქარგი - გარდამოხსნა, დამზადებული, მაუდისგან, ატლასის აშიებზე ორ-ორი სტრიქონიანი მხედრული წარწერით. ხელნაწერებს შორის, გამორიჩეული იყო სახარება, ჟამგულანი, წმინდა გიორგის პარაკლისი, ჟამნი და სხვა უნიკალური ხელნაწერები.