ელზა პაპოშვილი
25.12.2019

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბერძნული მედია წერს, რომ  25 წლის ქართველი გოგონა  მეგი კუპრაძე  გარდაცვლილი საეჭვო ვითარებაში ნახეს და თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია.  

საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ის საბერძნეთის პოლიციამ ქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი ნახა. მას საქართველოში 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. კუპრაძე ქმართან გაყრილი იყო და ბავშვებს მამა ზრდიდა. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა   ბერძნულმა პოლიციამ  გამოძიება  მკვლელობის მუხლით დაიწაყო.  იქაური მედია წერს, რომ კუპრაძე ათენის ცენტრში პარკში დარაჯმა იპოვა. გოგონა საკმაოდ მდიდრულად ჩაცმული საღამოს კაბაში იყო და გაჩნდა ეჭვი, რომ ის ჯერ ღამის კლუბში იმყოფებოდა და პარკში ამის შემდეგ აღმოჩნდა. ბერძნული პოლიცია ახლა იმის დადგენას ცდილობს, გარდაცვალებამდე მეგი კუპრაძე სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა. 

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ თვითმკლელობის ვერსიის მათაც არ სჯერათ. მათი ინფორმაციით, გოგონა საქართველოში შვილებთან დაბრუნებას აპირებდა. ის საბერძნეთში დედას და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. გოგონამ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა, თუმცა მალევე დაენგრა და 7 წლის წინ ის დედამ საბერძნეთში წაიყვანა. მეგიმ სილამაზის გამო ყურადღება მალევე მიიქცია და კარგი სამსახურიც იშოვა. 

პოლიციამ იმ სახლის პატრონი დაკითხა, სადაც სავარაუდოდ, მეგი მუშაობდა, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს და ამბობს, რომ ის გარდაცვალებამდე მეგიმ გააფრთხილა და უთხრა, რომ სამშობლოში მიდიოდა, რადგანაც ცხვირის ოპერაციის გაკეთება სურდა. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ ის ძალიან ლამაზი იყო და ბერძენი საქმროც ჰყავდა, რომელთან ერთადაც ხელის მოწერას აპირებდა. ამიტომაც თვითმკვლელობის ვერსია კიდევ უფრო საეჭვო ხდება. ემიგრანტები ყვებიან, რომ ის საკმაოდ მხიარული და ლაღი გოგონა იყო. ბოლო დროს ფოტომოდელადაც მუშაობდა  და მას სუიციდის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ის დედის გადაწყვეტილებით საბერძნეთში დაკრძალეს. 

„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგიმ თავი მოიკლა და ის პარკის დარაჯმა ჩამომხრჩვალი ნახა. თუმცა შემდეგ ბერძნულ მედიაში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის მოკლულია და სუიციდის ვერსია საეჭვოა. დარაჯმა გოგონა საღამოს კაბაში ჩაცმული იპოვა. 

ეს პარკი ათენის ცენტრშია, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ინთება,  მის გვერდით. საკმაოდ ცნობილი ადგილია. იქ რა უნდოდა და როგორ აღმოჩნდა, პოლიცია ახლა ამას იკვლევს. ვარაუდობენ, რომ ჯერ ღამის კლუბში უნდა ყოფილიყო და პარკში შემდეგ აღმოჩნდა. ფაქტია, რომ თვითმკვლელობის ინსცენირებაა. ის ისეთი მხიარული და ლაღი გოგო იყო, რომ თავს არ მოიკლავდა. 

საბერძნეთში ცხოვრება მშვენივრად ააწყო. კარგი საქმროც ჰყავდა და ხელის მოწერასაც აპირებდნენ. ამიტომაც თვითმკვლელობის მოტივი კიდეევ უფრო საეჭვო და ბუნდვანი ხდება. თანაც სახლის პატრონისთვის უთქვამს საქართველოში უნდა წავიდე შვილები ვნახო და თან ცხვირის ოპერაცია  გავიკეთოვო. როგორც ჩანს პოლიციას აქვს რაღაც ხელჩასაჭიდი ვერსია და ამიტომაც გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო“,-აცხადებს ემიგრანტი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×