ია აბულაშვილი
27.12.2019

„აქ ფშავს შინა არს ეკლესია მეფის ლაშასგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო- ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ან ვერცხლი, ვერსაით იხმარიან თვისად, არამედ მიუძღვის ლაშარის ჯვარს," - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი ფშავის საკულტო სალოცავს, რომელიც არაგვის ხეობაში "ლაშარის გორაზე" მდებარეობდა. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომლის "გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენი" წინ მიუძღოდა მოლაშქრეებს. მას შესთხოვდნენ ასევე სახნავ-სათესის ბარაქიანობას, კეთილდღეობას, ავადმყოფობისგან დაცვას.

ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთი მდიდარ ღვთაებად, რომელსაც კახეთში თავის ვენახები და ადგილ-მამაულები ჰქონდა, მრავალ შემოწიროლობას საქართველოს მეფეებისგან. ხალხში მრავალი გადმოცემა და ლეგენდაც არსებობდა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ლაშარობას, რომელიც საქართველოში ოდითგანვე აღინიშნებოდა, ერთხელაც ლაშა-გიორგი მხებლებთან ერთად ესტუმრა. ფშაველები დიდი პატივით დახვედრიან მეფეს და შინ დაბრუნებულ ლაშა-გიორგის მადლიერების ნიშნად მათთვის ძვირფასი ჯვარი უბოძებია. ფშაველებს ჯვარი სალოცავში დაუბრძანებიათ, სალოცავს კი ლაშარის ჯვარი დაარქვეს, ამის შემდეგ სალოცავი ითვლებოდა მოლაშქრედ, მისი დროშა კი ლაშქარს წინ უძვოდა. სალოცავში ინახებოდა დიდი თასი, რომლითაც ომში დაღუპული გმირების შესანდობარს სვამდნენ.

ლაშარის ჯვართან დაავშირებით ერთი ლეგენდაც არსებობს, ზურაბ ერისთავმა, რომელიც ფშავის ხევის დაპყრობას ლამობდა, თუმცა უშედეგოდ, გადაწყვიტა ფშავების სალოცავი ლაშარი შეემუსრა. ლაშარის ამ ხმელ გორაზე თურმე ერთი ბერმუხა იდგა, რომელიც ოქროს ჯაჭვით ზეცას იყო მიბუმლი. მასზე მუხის ანგელოზი ბინადრობდა. ზურაბ ერისთავს სცოდნია ამ მუხის მფარველი ანგელოზის ძლიერება და მუხის მოჭრა უბრძანებია, ფშაველებს ადვილად დავამაცხებო. ლაშქარი მუხას შეესია, მაგრამ ცულის ყოველ დარტყმაზე ატყორცნილი ნაფოტი ისევ მუხას ზედ ეკვროდა და უფრო ძლიერდებოდა, ნაჯახი კი ტყდებოდა. ბოლოს ერთ ფშავს საიდუმლო გაუთქვამს, თუ ამ მუხას შავი კატის სისხლს მოსცხებთ ანგელოზი მიატოვებსო. ზურაბ ერისთავს უბრძანებია მუხის ძირში შავი კატა დაეკლათ, როგორც ლაშქარმა მუხა მოსჭრა, ოქროს ჯაჭვი შხუილით ზეცაში აიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×