ელზა პაპოშვილი
27.12.2019

კიდევ ერთი დაპირისპირება მოზარდებს შორის - თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა არასრულწოვანმა სახის და ყბის მიდამოში დაზიანებები მიიღო. მას ასევე ტვინის შერყევა აქვს. სკოლის მოსწავლეები „რეზონანსთან“ ჩხუბის ორ ვერსიას ყვებიან. 

ერთი ვერსიის მიხედვით, ბავშვებმა თანაკლასელი გოგონას გამო იჩხუბეს, ხოლო  მეორე ვერსიით დაპირისპირება სპორტდარბაზში ბურთის წართმევის გამო მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ასევე საპატრულო ეკიპაჟი. 

ბავშვები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მე-12 კლასელს სახის და ყბის მოტეხილობა აქვს. მათივე ინფორმაციით, მოზარდის გადაყვანა საკაცის მეშვეობით მოხდა, რადგანაც თავის დაზიანების გამო მან წამოდგომა ვეღარ შეძლო. მათივე თქმით, თამაშის დროს 16 წლის ბიჭმა მასზე დაბალი კლასის მოსწავლეს  ბურთი წაართვა, რაზეც მისი პარალელურ კლასელი, ისიც მე-12 კლასის მოსწავლე,  გაღიზიანდა და სახეში დაარტყა. წაქცევის შემდეგ კი ადგომა აღარ აცადა და წაქცეულს ცემა დაუწყო. 

„ჩხუბი ორი დღის წინ მოხდა. ზოგი ამბობს, გოგოს გამო იჩხუბესო, ზოგმაც თამაშის დროს ბურთი წაართვა ბიჭმა თავისზე პატარა კლასის მოსწავლეს და  მისავე პარალელურკლასელმა სცემაო.  სახეში დაარტყა და შემდეგ წაქცეულს ცემა დაუწყო. ისეთი მაგარი ნაცემი იყო, თქვეს, რომ ყბა მოტყდაო. 

ასევე ტვინის შერყევაც ჰქონდა. სისხლი მოსდიოდა ცხვირიდანაც და ნაცემი იყო კარგად. სწრაფად რომ ჩარეულიყო ვინმე, ასე ხომ არ სცემდნენ. საკაცით წაიყვანა სასწრაფომ. ერთი ამბავი იყო ატეხილი. საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს და ბავშვებიც დაკითხეს. ნაცემიც და ვინც ცემა ისიც ჯერ სკლაში არ გამოჩენილან“, -აცახდებს მე-11 სკოლის მოსწავლე „რეზონანსთან“. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა უკვე გაწერეს. 

შინგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, მოსწავლემ დაზიანება დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც სკოლის  მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

„სპორტდარბაზში მოხდა ჩხუბი ბურთის თაობაზე. ამ წაკინკლავების დროს წაიქცა ერთ-ერთი. წამებში მოხდა რეაგირება და ჩავთვალე საჭიროდ გამომეძახა სასწრაფო. ბავშვი გადაყვანილ იქნა ინგოროყვას კლინიკაში. ამჟამად სახლში იმყოფება," - აცხადებენ  სკოლის ადმინისტრაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×