
ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ბანკები ჰაკერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ბოლო ერთ კვირაში კერძო პირების ანგარიშებიდან თანხების მოპარვამ მასობრივი სახე მიიღო და „რეზონანსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ შეტევის მთავარი ობიექტი „თიბისი“ და „ვითიბი“ ბანკები არიან. კლიენტთა ანგარიშებიდან თანხა მოულოდნელად ქრება. თაღლითური ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ.
ხშირ შემთხვევაში თანხების გადარიცხვა ონლაინ კაზინოებში გახსნილ ანგარიშებზე ხდება. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანხის მოხსნა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ფიქსირდება.
ამ შემთხვევებზე კი პასუხისმგებლობას არ იღებს ბანკი და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახერხებს ინტერნეტ ქურდების გამოვლენას, რადგანაც ვინაობის მათი დაგენა საკმაოდ რთულია. მითუმეტეს, თუ ეს საზღვარგარეთიდან ხდება. ბანკს კი არგუმენტი აქვს, რომ თუ თანხა დაზღვეული არ გაქვს, ის დანაკარგის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ჰაკერების მსხვერპლი გახდა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ეკა წივწივაძე. მან „რეზონანსს“ განუცახდა, რომ ოჯახის კუთვნილი დანაზოგი „თიბისი“ ბანკში პირად ანგარიშზე ჰქონდათ, რომელიც გვიან ღამით მოხსნეს. ანგარიშიდან ჰაკერმა 2000 ლარის მოპარვა შეძლო. როდესაც ის თანხის კიდევ გატანას ცდილობდა, „თიბისი“ ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა საეჭვოდ მიიჩნია და მათი გაფრთხილება მოასწრო.
წივწივაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არაფერია. ბანკი კი თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს, რადგანაც მათ ანგარიში დაზღვეული არ ჰქონდათ.
„გუშინ ღამით სამ საათზე, როდესაც ოჯახს მშვიად გვეძინა, ჩვენი ანგარიშიდან ჩვენთვის სოლიდური თანხა განიავდა - მეოთხე ტრანზაქციაზე გაგვაღვიძა „თიბისი“ ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა.
„ძალიან არ მაინტერესებს ეს ბარათი დაზღვეული იყო თუ არ იყო. მე რომ ბანკს ვენდობი, მან უნდა შეინახოს ჩემი თანხა. ძალიან დიდი იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსი. მაქვს ბარათის ნომერი, სადაც გადაირიცხა თანხა და აიპი მისამართი. იმედია ისე არ ბნელა, რომ ვერ გამოიძიონ, მაგრამ ვცდილობ ამოვხსნა ადამიანის ფენომენი, რომელმაც წინასაახალწლოდ სამჯერ გადარიცხა თანხა და მეოთხედაც ცდილობდა“, - წერს ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქე ანანო დევდარიანი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მას დეკემბრის ხელფასი „თიბისი“ ბანკიდან ჰაკერმა რამდენიმე წუთში მოპარა. მას როგორც კი თანხის ჩარიცხვის შესახებ მესიჯი მიუვიდა, 10 წუთში მიიღო ახალი შეტყობინება, რომ მისი ანგარიშიდან თანხის გატანა დაფიქსირდა.
დევდარიანი აცხადებს, რომ მას 800 ლარი მოპარეს და ბანკი ამ თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს. მის შემთხვევაშიც ანგარიში დაზღვეული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, თანხა სავარაუდოდ საქართველოს აიპი მისამართიდან არის მოპარული და წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქურდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს.
როგორც „რეზონანსმა“ გაარკვია, ეკა წივწივაძის და ანანო დევდარიანის მსგავსად საქართველოში ნამდვილად ასობით ადამიანია დაზარალებული. სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტი ვრცელდება და ყველა მათგანი ერთ პრობლემას უკავშირდება - მომხმარებელთა სახელფასო ბარათებისა და პირადი მონაცემების დაუცველობა.
მოქალაქეები წერენ, რომ პერიოდულაად მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის ფაქტები ფიქსირდება.
როგორ ახერხებენ თაღლითური შეტევის ორგანიზატორები მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ასე მარტივად და სწრაფად თანხის მოპარვას? „რეზონანსი“ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს გიორგი როგავას ესაუბრა. იგი ამის მიზეზად კერძო კომპანიების საიტების შიდა სისტემის დაუცველობას ასახელებს. მისი თქმით, ასეთი საიტების შექმნა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ბანკები თავს დიდად არ იწუხებენ, რადგანაც ბაზარზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს. იციან, რომ მოქალაქეები მათი ბანკიდან უბრალოდ ვერ წავლენ.
როგავა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია აუცილებლად დაცული ქსელიდან უნდა განხორციელდეს. სპეციალისტი ამბობს, რომ კაფეების, რესტორნების და მსგავსი საჯარო სივრცეების ვაიფაიდან ტრანზაქციები არ უნდა განვახორციელოთ. ასევე აუცილებლად უნდა მოვერიდოთ იმას, რომ საიტმა ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი არ დაიმახსოვროს.
ხოლო სახელფასო ბარათების დაცვის კუთხით, იმ ბარათზე, რომლითაც ვახდენთ ონლაინ ოპერირებას, არ უნდა გვქონდეს მთელი ხელფასი, ცალკე ბარათია ამისთვის საჭირო. სპეციალისტების შეფასებით, სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც თაღლითი ჰაკერებისგან დაცულები არასდროს არ ვართ.
„პირველ რიგში ჩვენი ბარათი უცხო პირის ხელში არ უნდა მოხდეს. ბარათზე დატანილი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხებს ეუფლებიან. ეს თაღლითობის ყველაზე მარტივი და შეიძლება ითქვას, მოძველებული ფორმაა.
„ასევე, ყველაზე გახშირებული თაღლითობა ე.წ. ფიშინგია. ეს არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.
„თაღლითები ვირტუალურად ვითომ კომპანიებს ქმნიან და აკეთებენ ყალბ მიმსგავსებულ ვებგვერდებს. გზავნიან ელექტრონულ ფოსტას კომპანიების სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები - პაროლი, ბარათის ნომერი და სხვა. ამიტომ მონაცემების შეყვანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ საიტის მისამართი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.
„არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გვაქვს საქმე“, - აცახდებს სპეციალისტი „რეზონანსთან“.