
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში პოლონეთის ელჩის ლანძღვამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლონეთში რუსეთის ელჩი და „მკაცრად ესაუბრნენ", მაგრამ რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ნოტაციების მოსმენას" არავისგან არ აპირებს.
24 დეკემბერს პუტინმა მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაში, სადაც 1934-1939 წლებში ნაცისტურ გერმანიაში პოლონეთის ელჩ იოზეფ ლიპსკიზე განაცხადა, რომ ის იყო „ნაძირალა და ანტისემიტი ღორი".
პუტინის განმარტებით, 1938 წელს ჰიტლერმა ლიპსკის უთხრა, რომ ებრაელების აფრიკაში გაგზავნის გეგმა ჰქონდა, რაც ლიპსკის მოეწონა. ელჩმა ჯერ სურვილი გამოთქვა, ხოლო შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოზეფ ბეკს, მოხსენებით ბარათში მისწერა, რომ „თუ ფიურერი (ადოლფ ჰიტლერი) ამას გააკეთებს, მშვენიერ ძეგლს დავუდგამთ ვარშავაში".
პუტინის ამ განცვადების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 დეკემბერს გამოიძახა ქვეყანაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. თავად ანდრეევის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ დეპარტამენტის დირექტორთან საუბარი საკმაოდ დაძაბული, მაგრამ კორექტული იყო.
„არავის მივცემთ უფლებას, რომ ნოტაციები გვიკითხონ. სათქმელი გვაქვს, მათ შორის ისტორიული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „რია ნოვოსტისთან საუბრისას" ანდრეევმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შიმონ შინკოვსკი ველ სენკიმ განაცხადა, რომ არსებული ვითარება დიპლომატების მხრიდან ღრმა ანალიზს საჭიროებს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მოახდენენ თუ არა დიპლომატიურ რეაქციას ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთში:
„იქნება თუ არა კონკრეტულად ამ განცხადებაზე რეაქცია? გთხოვთ, რომ მოგვცეთ დრო, რათა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ ეს სიტყები და გადავწყვიტოთ, ითხოვს თუ არა ის დიპლომატიურ რეაქციას", - თქვა პოლონელმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს იოზეფ ლიპსკი მოხალისე იყო საფრანგეთში პოლონეთის გრენადერთა პირველ დივიზიაში. ამის შემდეგ დასავლეთში პოლონეთის შეიარაღებული ძალების დევნილი გენერალური შტაბის წევრი იყო, ხოლო 1951 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც დევნილობაში მყოფი მთავრობის წამრომადგენელი იყო. 1958 წელს ვაშინგტონში გარდაიცვალა.