
რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ბალახნაში ერთ-ერთ სამრეწველო შენობაზე სსრკ-ს ყოფილი ლიდერის, იოსებ სტალინის უზარმაზარი პლაკატი გამოფინეს. მისი ფართობი 350 კვადრატული მეტრია და იგი ერთდროულად ორ ისტორიულ თარიღს ეძღვნება - სტალინის დაბადების 140-ე წლისთავს, რომელიც 21 დეკემბერს შესრულდა და მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს გამარჯვების 75-ე წლისთავს, რომლის აღნიშვნასაც რუსეთში მომავალი წლის 9 მაისს განსაკუთრებულად აპირებენ.
ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ზოგადად, რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას პროტესტით შეხვდა. ისინი პლაკატის ჩამოხსნას ითხოვენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.
პლაკატის ზომა 27X13 მეტრია. მასზე სტალინი არნოლდ შვარცნეგერის ცნობილი კინოგმირის, ტერმინატორის ფორმაშია გამოსახული მასზე განთავსებულია ტერმინატორის საფირმო ფრაზა - („მე დავბრუნდები"). ამის შესახებ „რია ნოვოსტი" წერს.
იდეის ავტორი და იმ საწარმოს მფლობელი, რომლის შენობაზეც ეს პლაკატი განათავსეს, კომპანია „რეალ ინვესტია".
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევ ტარაბარინმა განაცხადა, რომ პლაკატი დამზადებულია მისი პირადი სახსრებით. „პლაკატი 560 ათასი რუბლი ღირს, მაგრამ ჩვენ ასევე მივიღეთ ფასდაკლება ჩვენი შემოქმედებისთვის", - თქვა მან.
ტარაბარინის თქმით, იგი არ არის კომუნისტური პარტიის წევრი, თუმცა, დიდ პატივს სცემს საბჭოთა კავშირს და თავისი სამრეწველო ობიექტის ყველა წარმოებაში სსრკ-ს სიმბოლოებს იყენებს.
ბალახნას რაიონის ადმინისტრაციაში „რია ნოვოსტის" უთხრეს, რომ მოსახლეობის ნაწილი ამ პლაკატის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ პლაკატი განთავსებულია კერძო საწარმოს ტერიტორიაზე და სამართლებრივად სადავო არაფერია:
„ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოხატავს უკმაყოფილებას პოსტერზე, განსაკუთრებით წარწერა „მე დაბრუნების" გამო. ხალხი ტოვებს კომენტარს ფოტოების ქვეშ სოციალურ ქსელებში „ნამდვილად გსურთ რეპრესიების დაბრუნება?"
თავის მხრივ, საწარმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს მისი ტერიტორიაა და პალაკატის ჩამოხსნას არ აპირებს.