
ბიბლიის წიგნთა ისტორიაში ქართულ ხელნაწერ წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა ტაო-კლარჯეთში, ოშკის ტაძარში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას.
ქართულ ენაზე გადაწერილი ბიბლიის პირველი დამკვეთი იყო მხედართმთავარი დავით კურაპალატის კარზე, შემდგომში ბერად აღკვეცილი თორნიკე ჩორჩანელი. პირველი ხელნაწერი ქართული ბიბლია მე-19 საუკუნეში ასლის დასამზადებლად საქართველოში ჩამოიტანა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ პლატონ იოსელიანმა, რომელიც შემდგომ კვლავ ათონის მთაზე დააბრუნეს და დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ კოლექციაში ინახება.
წიგნი გადაწერილია 987 წელს. დღეისთავის შეიცავს მხოლოდ 954 ფურცელს. აკინძულია ორ ტომად. შესრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე. წიგნი გადაწერილია სამი კალიგრაფის - მიქაელის, სტეფანეს და გიორგის მიერ. ნაწერია ნუსხურით, სათაურები- მრგვალოვანით. ხელნაწერს თან ერთვის გადამწერისა და შემკვეთის ანდერძები. ასევე ეპისტოლე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი.
მე-12 საუკუნე ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ქართული ბიბლიის ისტორიაში. სწორედ ამ ეპოქაში გადაიწერა ბიბლიის სრული კრებული, რომელიც "გელათის ბიბლიის" სახელითაა ცნობილი. წიგნი მოიცავს 301 ფურცელს. გადაწერილია ქაღალდზე, ნაწერი ნუსხურით და ღია ყავისფერი მელნით.
მე-17 საუკუნიდან იწყება ბიბლიის შესწავლის, შეკრებისა და აღდგენის ახალი ეტაპი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სულხან-საბა ორბელიანის მამა მდივანბეგი ვახტანგ ორბელიშვილი. მისი დაკვეთით გადაიწერა ბიბლიის სამი ხელნაწერი. რომელიც გადაწერეს კალიგრაფებმა იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილებმა. ვახტანგ ორბელიშვილის საქმის გამგრძელებლები იყვნენ მისი ვაჟი სულხან-საბა ორბელიანი, მეფე ვახტანგ მეექვსე, არჩილ მეფე და ბაქარ ბატონიშვილი.
სულხან-საბას სახელს უკავშირდება "მცხეთის ბიბლიის" გადაწერა, რომელსაც საბას ბიბლიასაც უწოდებენ. მცხეთური ბიბლია შედგება 668 ფურცლისგან და შესრულებულივ შავი მელნით. დაწერილი ნუსხურითა და მხედრულით. გადაწერილია სამი კალიგრაფის მიერ, ერთ-ერთი გადამწერი თვითონ სულხან - საბა ორბელიანი იყო. კრებულში შედის 44 წიგნი ძველი აღთქმიდან. "მცხეთის ბიბლიის" შესადგენად სულხან- საბას მრავალი წყარო გამოუყენებია,
მათ შორის ოშკის ბიბლია. პირველად ქართული ბიბლიის ისტორიაში სწორედ ამ კრებულში შევიდა ფსალმუნები. ხელნაწერში ჩაკრულია 1710-1711 წლებში ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების ფურცლები.
ბიბლიის ქართულ ენაზე ბეჭდვის საქმეში კი დიდი წვლილი შეიტანა მეფე ვახტანგ მეექვსემ. ბაქარ ბატონიშვილის გადმოცემით, ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსება და უნგრეთიდან მესტამბის ჩამოყვანა, სწორედ ბიბლიის გამოცემის სურვილს უკავშირდება.
სამწუხაროდ მწიგნობარმა მეფემ მხოლოდ ფსალმუნის, ახალი აღთქმისა და წინასაწრმეტყველთა წიგნების ბეჭდვა მოასწრო. მისი საქმე განაგრძო მოსკოვში მისმა ვაჟმა ბატონიშვილმა ბაქარმა, რომელმაც 1743 წელს დაბეჭდა ბიბლიის სრული ტექსტი. მოსკოვში გამოცემული ქართული ბიბლიის დიდი ნაწილი განადგურდა, გადარჩა მოხოლოდ აკინძული და ყდაში ჩასმული რამდენიმე ეგზემპლარი, რომელიც ვახტანგ მეექვსის ვაჟმა ბაქარმა საქართველოში გამოაგზავნა.