
2020 წელს შესაძლოა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღოთ. წლის მიწურულს დაპირისპირების ახალი კერები უკვე ჩანს. აშშ-მ ერაყსა და ირანში ტერორისტული დაჯგუფების „ჰეზბოლას" წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, რაც ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხო ნაბიჯი იყო. ამის ფონზე, აშშ-სა და ირანის დაპირისპირების საფრთხეც იზრდება. აშშ-ს მისამართით მუქარა ისმის ასევე ჩრდილოეთ კორეისგანაც - კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს „საშობა სიურპრიზს" უმზადებს.
პენტაგონის ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმების" შედეგად დაღუპულია „ჰეზბოლას" სულ მცირე ოთხი მეთაური. დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა. თანაც, აშშ-მა დატყმები შესაძლოა, კიდევ განახორციელოს იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები რეგიონში დაიცვას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა და გენერალმა მარკ მილეიმ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით კი, აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ 25 მეომარი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაიჭრა.
„ამერიკელები გადავიდნენ გარკვეული ტიპის შეტევებზე და ეს ქმედება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ამან შესაძლოა აშშ-სა და ერაყს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულოს. ტრამპის ადმინისტრაციას არეული აქვს გეგმები.
„ავღანეთიდან ტრამპი მაინც აპირებს ჯარების გამოყვანას. ამ შემთხვევაშიც განსხვავებულად დგას საკითხი. ავღანეთში ორგანიზებული წინააღმდეგობაა „თალიბანის" მიერ. ამ მხრივ სირიაში ქაოტური და გაურკვეველი სიტუაციაა. ტრამპის ადმინისტრაციას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მოხდა ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა და ამას მოჰყვა საპასუხო დარტყმები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ირანისა და ამერიკის პირდაპირ დაპირისპირებამდე.
„ცალკე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამზადებს „საშობაო სიურპრიზს" და აქაც აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მომზადებულია საპასუხო ქმედებებისთვის, „საშობაო სიურპრიზი" აღკვეთოს. არ არის გამორიცხული ჩრდილოეთ კორეამ განახორციელოს ბალისტიკური რაკეტის გაშვება აშშ-ს რომელიმე ბაზის მიმართულებით ან აშშ-ს მიმართულებით. კიმ ჩენ ინს რა სიურპრიზი აქვს, არავინ იცის. 2020 წელი შეიძლება დაიწყოს სიტუაციის გართულებით. არა მგონია ახალი წელი ავღანეთშიც სტაბილურობის წელი იყოს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ცნობისთვის, 28 დეკემბერს ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო.
ბოლო დროს ერაყის ამერიკულ ბაზებზე არაერთხელ განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები. ვაშინგტონი აღნიშნულში ირანსა და მის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ ამერიკელებს და მის მოკავშირეებს კიდევ მიადგებოდათ ზიანი, „აშშ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებდა".