
სასტიკი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში -გამოძიების ინფორმაციით, მარტოხელა 82 წლის იზოლდა ხელაძე ჯერ გააუპატიურეს და შემდეეგ ბალიშით გაგუდეს.
მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას დისშვილები პატრონობდნენ. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ იზოლდა ხელაძის საარსებო წყარო მხოლოდ პენსია იყო და მას არანაირი დანაზოგი არ ჰქონდა. თუმცა მის ეზოში დიშვილის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი იდგა. ხოლო მოკლული მოხუცის პოვნის დროს ის სახლში აღარ იდგა.
მეზობლებს მაშინვე ეჭვი გაუჩნდათ, რომ ხელაძე სწორედ ავტომობილის გამო მოკლეს. მათი თქმით, ეჭვი მაშინვე ერთ-ერთ მეზობელზე გაჩნდა, რომელიც ადრე ყაჩაღობასა და ქურდობისთვის ნასამართლევი იყო. გაგუდული და სასტიკად ნაწამები მოხუცი მეზობელმა 2 იანვარს იპოვა. მეზობლები ამბობენ, რომ ხელაძის ბინიდან ხმაური არ გაუგიათ.
მოკლული მოხუცის მეზობელი თამაზ მიმინოშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ იზოლდ ხელაძე მეზობელმა საწოლში მოკლული იპოვა. მისი თქმით, 2 იანვარს მეზობელმა მისთვის ახალი წლის მილოცვა გადაწყვიტა და სახლში მიაკითხა. თუმცა მოხუცი მის ძახილზე არ პასუხობდა. მან კი ეს სიტუაცია საეჭვოდ მიიჩნია და სახლში შევიდა.
ქალი სასტიკად ნაცემი და მოკლული საწოლში ნახა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა ავტომობილის გამო მოხდა. რადგანაც მოხუცის საარსებო წყარო მხოლოდ პენსია იყო. მისი დიშვილის კუთვნილი ავტომობილი კი ეზოშო აღარ იდგა. სავარაუდოდ, ქალმა ქურდი იცნო, მან კი კვალის დაფარვის მიზნით მოკლა.
„ძალიან უწყინარი მოხუცი იყო. არანაირი კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. არც რაიმე შემოსავალი ჰქონდა, რომ ვინმეს ფულის გამო მოეკლა. ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა პენსიონერი იყო. ეზოში მისი დისშვილის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი იდგა. მისი პოვნის შემდეგ კი ავტომობილი გამქრალია. ამიტომაც ყაჩაღობაზე გვქონდა თავიდანვე ეჭვი. ალბათ ქურდი იცნო და მან კიდევ კვალის დაფარვის მიზნით მოკლა. ბალიშით არის გაგუდული და თან საშინლად არის ნაცემი“, - აცხადებს მეზობელი „რეზონანსთან“.
პოლიციამ ეზოდან გატაცებული მერსედესის მარკის ავტომობილი მეორე დღეს, იქვე ახლო სოფელში იპოვა. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გარდაცვლილის მეზობელი ზურა დოლიძე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ. დ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სახეზე დაზიანებების კვალი აღენიშნება და ფიქრობენ, რომ მოხუცი ასევე ნაცემია. პროკურატურის ინფორმაციით, კი 82 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება აღიარა. ზურა დოლიძეზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.
„ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. მას ბრალდება წარდგენილი აქვს 109-ე მუხლის 1 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 2 ეპიზოდი ქურდობის ჩადენის ფაქტზე.
„გაუპატიურების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები, მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები. თუ დადასტურდება, ამის შემდეგ მას წარედგინება ახალი ბრალდება,“ - აცხადებს ოზურგეთის რაიონის პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე.