ელზა პაპოშვილი
08.01.2020

სასტიკი მკვლელობა საშობაო სუფრაზე - მარტვილის რაიონი სოფელ ტალერში 39 წლის ჰაჯი ბერულავა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე  გარდაიცვალა. ბერულავას  გულმკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის შემდეგ  ბრალდებული 58 წლის ჯამბურ ნაჭყებია პოლიციას თავად ჩაბარდა. 

ნაჭყებიას ახლობლები აცხადებენ, რომ ჰაჯი ბერულავა რუსეთიდან ერთი კივირის ჩამოსული იყო და მათთან  შობის დღეს სტუმრად იმყოფებოდა. სუფრაზე მათ შორის კამათი მოხდა, გარდაცვლილმა მასპინძელს დედა შეაგინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  

ბრალდებულის დედა ვალია ნაჭყებია აცხადებს, რომ ჩხუბის დროს გარდაცვლილმა მას დაარტყა. ამის შემდეგ ნაჭყებია კიდევ უფრო გაბრაზდა. სახლიდან წასულ სტუმარს ეზოში დაედევნა და მათ შორის ჩხუბი კვლავ გაგრძელდა. სავარაუდოდ, ნაჭყებიამ ბერულავა სწორედ ამ დროს დაჭრა.  

„მე რომ სახლიდან გარეთ გავედი, ისინი უკვე ეზოში წაქცეულები იყვნენ და ერთმანეთს ცემდნენ. მიწაში გორაობდნენ  და მუშტებს ურტყამდნენ. დანა არ დამინახავს. მხოლოდ მას შემდეგ მივხვდით, რომ დაჭრილი იყო, როცა ჩემი შვილი ფეხზე ადგა და ის აღარ დგებოდა. მაშინვე სისხლი დავინახეთ და მივხვდი, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. ორივე ძალიან მთვრალები იყვნენ.

ჯამბური ვერც კი მიხვდა რა მოხდა. ეგონა, რომ გაითიშა და სხვა არაფერი სჭირდა. არ ვიცი, დანა ვის ეჭირა, საიდან მოხვდა მის ხელში. ეს გარდაცვლილიც ჩვენი ახლობელია. რუსეთიდან სულ ერთი კვირის ჩამოსული იყო“, - აცახდებს ბრალდებულის დედა ვალია ნაჭყებია.    

ბრალდებულის მეუღლე ლეილა ნაჭყებია ამბობს, რომ მათ დაჭრილი მამაკაცი უკვე ეზოში იპოვეს. შვილმა უთხრა, რომ მათი სტუმარს მგონი მამამ დანა დაარტყა და ფეხზე ვეღარ დგებოდა.  

„ბავშვი შემოვარდა და მან მითხრა, რომ მგონი ჰაჯი დაჭრილია და ვეღარ დგებაო. გავვარდი გარეთ და დავინახე მიწაზე იწვა. მივედი ვეძახდი ადექი ბიჭო, რა მოგივიდა მეთქი. რომ ავწიე სისხლით დავისვარე. პირაღმა იწვა და როცა გადმოვატრიალე, ერთი ჭრილობა გულთან ახლოს დავინახე. ადიელა მოვიტანეთ, ბალიში და ჭრილობა შევუფუთეთ.

ვყვიროდი, სასწრაფო გამოიძახეთ-მეთქი. სასწრაფომაც დაიგვიანა, მაგრამ სისხლად დაიცალა მგონი. ორივე გათიშული მთვრალი იყო. ყველაფერი შეგინების გამო დაიწყო. ჩემი ქმარი არც გაქცეულა. ისეთი გათიშული იყო, რომ ვერც კი ხვდებოდა რა მოხდა. პოლიციას ადგილზევე დახვდა და თავად ჩაბარდა. ისე იყო გათიშული, ვერც კი მიხვდა რა გააკეთა“, - აცახდებს ბრალდებულის მეუღლე.   

მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს - დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო," - ნათქვამია განცხადებაში. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×