თამთა ჩაჩანიძე
09.01.2020

 ირანის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღება პრეზიდენტ ტრამპის პასუხისკენ იყო მიმართული, თუმცა, პრესკონფერენციაზე მხოლოდ ირანის მიმართ სანქციებით შემოიფარგლა, რასაც მსოფლიო ექსპერტები ტრამპის ხისტი ხასიათის გამო, ნაკლებად პროგნოზირებდნენ.

რა გახდა მთავარი მიზეზი ტრამპის არატრადიციული გამოსვლისა? ამ კითხვაზე ექსპერტების პასუხს პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივყავართ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ირანისა და აშშ-ს მოქმედებები ფაქტიურად ზავს გავიდა, თუმცა, მისივე თქმით, დროებითი ტაიმ-აუტი არ ნიშნავს იმას, რომ ომის აჩრდილი თავიდან აირიდეს.

„ტრამპმა კონფრონტაციის განვითარებას თავი აარიდა, რომ ამერიკულ ბაზაზე სერიოზული თავდასხმა მსხვერპლის გარეშე მოხდა, რომელიც ამერიკის უკან დახევის საფუძველი გახდა,

„ირანის მხრიდან ეს იყო ომის დაწყების პირდაპირი პრელუდია, ამერიკელებმა მიაღწიეს იმას, რომ ირანის რუხი კარდინალის ლიკვიდაცია მოახდინეს, ამით ფაქტიურად ირანის აგრესიული ქმედებები იქნა აღმოფხვრილი, ხოლო ირანელებმა პრესტიჟის დარტყმა მოახდინეს, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ამერიკელებს სილა გააწნეს, რა თქმა უნდა ამერიკელებისთვისაც ეს პრესტიჟის საქმეა, იმიტომ, რომ ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ჯარებმა პირდაპირი თავდასხმა მოახდინეს, ჩემი აზრით, ამერიკამ და ირანმა ეს რაუნდი ფრედ დაამთავრეს,

„ამით ფაქტიურად თითქოსდა ეს ეპოპეა დასრულდა, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე დასრულდეს, შესაძლოა ეს ამ ეტაპზე დროებით ორივე მხარემ ტაიმ-აუტი აიღო,

„ირანმა კი აიღო ტაიმ-აუტი, მაგრამ, რამდენად იმოქმედებს ეს შეჩერება პროირანულ დაჯგუფებებზე, ეს ცალკე საკითხია, შესაძლოა ირანი სერიოზული დარტყმების მისაყენებლდაც ემზადება,

„მხარეები ფორმალურად ასე ვთქვათ დაზავდნენ, ეს იყო „პრესტიჟის ზავი", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომის აჩრდილი თავიდან აუცილებელია, თუ ამერიკელებმა ხისტი ძალა გამოიყენეს, ირანელები ცდილობენ, რომ გამოიყენონ ე.წ.ჭკვიან ძალას, მიაყენონ დარტყმა ამერიკის სიმბოლოებს, ეს არის გოლიათისა და დავითის შერკინება,

„ირანში სოციალური გამოსვლებით ფაქტიურად პატრიოტული კომბინაცია შეიქმნა, რომელსაც ირანის სასულიერო თეოკრატიული რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად გამოიყენებს და შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს ირანის რეგიონალური ჰეგემონიზმის პოზიციები მთლიანად რეგიონში" - განაცხადა მან.

მისივე აზრით, ტრამპის ე.წ.ლოიალობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მასსა და სამხედრო ელიტას შორის განხეთქილების გამო.

„ტრამპმა პრესკონფერენცია გააკეთა უკან მდგარი სამხედრო ელიტასთან ერთად, ეს შემთხვევით არ იყო, ამერიკის ისტორიაში მოხდა სერიოზული განხეთქილება სამხედრო ელიტასა და პოლიტიკურ ელიტას შორის,

„ერაყში ამერიკის ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა ვითომ გააჟონინა ინფორმაცია, რომ ამერიკის ძალები მზად იყვნენ გასულიყვნენ და შეესრულებინათ ერაყის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო ერთგვარი საინფორმაციო ომი, ვითომდა გაჟონვის მომენტი.

„აქ როგორც ჩანს მოხდა სერიოზული დაპირისპირება ტრამპსა და სამხედრო ელიტას შორის, ეს აშკარად შეიმჩნეოდა და შემთხვევით არ იყო, რომ ტრამპმა თავის პრესკონფერენცია დააგვიანა, ეს იყო უჩვეულო მომენტი, რადგან პირველად, ამერიკის მთავარსარდალი გახდა პირობითად სამხედროების პოლიტიკური მძევალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

„ტრამპმა თავი წარმოადგინა, როგორც მშვიდობის მტრედი, მაგრამ ეს რის ხარჯზე მოხდა ეს სხვა საკითხია, მეორე ის, რომ ამერიკის სამხედრო ელიტასა და ტრამპს შორის პირველი ბზარი შეიმჩნეოდა და მე არ გამოვრიცხავ, რომ სამხედროებს სერიოზული ულტიმატუმი წაეყენებინათ ტრამპისთვის, რომ როგორმე შეეჩერებინა ესკალაციის ტალღა, რომელსაც ტრამპი აპირებდა,

„ყველფერ ამას ემატება ისიც, რომ ინფორმაციის ასე ვთქვათ გაჟონვისას აღნიშნული სარდალი გადაყენებული არ იქნა, როცა ანალოგიური ქმედებისთვის ავღანეთში გადაყენებულ იქნა აშშ-ს კონტინგენტის მეთური, აქ კი გადაყენების არავითარი ნიშანი არ იყო, რამდენიმე დღე გავიდა და ტრამპმაც ამაზე არავითარი განცხადება არ გააკეთა,

„ამავე დროს პირველად დემოკრატიული პარტიის ყველა ფრთა ერთიანი ფრონტით ტრამპს წინ აღუდგნენ, როგოც ჩანს ასეთი ტიპის გამოწვევისათვის ამერიკა მზად არ აღმოჩნდა,

„ამას ემატება ისიც, რომ ტრამპის იმპიჩმენტი აშშ-ს ქვედა პალატაში წარმატებით განხორციელდა, ამჯერად კი იგი სამხედროების მხარდაჭერასაც დაკარგავდა, სამხედროებსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის პირდაპირი კავშირია, იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტია ფაქტიურად სამხედრო საბრძოლო კომპლექსის ერთ ერთ ლობისტურ პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც ნიშნავდა იმას, რომ ტრამპს თავისივე პარტიაშიც შექმნოდა სერიოზული პრობლემები და სენატში იმპიჩმეტს შესაძლოა რეალური სახე მიეღო."- განაცხადა მაისაიამ.

ამასთან, შესაძლოა ითქვას, რომ ირანმაც უკან დაიხია და როგორც ჩანს თავდასხმების გაგრძელებას აღარ აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ირანი, თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, თავს არ დაესხას შეერთებული შტატების პოზიციებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×