რეზონანსი
12.01.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია მართვადია და გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მიმართვიანობაა კლინიკებში. სკოლებსა და ბაღებში კი სწავლის გადადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„რეზონანსს" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა არაოფიციალურად დაუდასტურეს, რომ კლინიკებში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, დაწესებულია მედპერსონალის მორიგეობა, რაც გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა დიდი მიმართვიანობითაა გამოწვეული.

„რეზონანსთან" საუბრისას ამირან გამყრელიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მწვავე ეპიდემიური მდგომარეობის არსებობის შესახებ ინფორმაცია არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით შემცირებულიაცაა.

„არავითარი საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, არის ჩვეულებრივი ეპიდ-სიტუაცია, რაც ზამთარშია ხოლმე გრიპთან დაკავშირებით. შედარებით მშვიდი ვითარებაა, ვიდრე შარშან ამ დროს იყო", - აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან კლინიკებში არსებული ვითარება კონტორლს ექვემდებარება.

„ჩვენი რეკომენდაცია ეს არ არის, ეს უფრო განათლების სამინისტროს კომპეტენციაა. ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას. ეპიდ-სიტუაცია მართვადია ქვეყანაში და არ არის იმის აუცილებლობა, რომ გადაიდოს სწავლა. დანარჩენი განათლების სამინისტროს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს", - აცხადებს, ამირან გამყრელიძე.

ავტორი: ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×