
2012 წელს „ქართული ოცნების” წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა „სამართლიანობის აღდგენას”, თუმცა, სადღეისოდ, მხოლოდ თავისუფლების მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის მცირე გუმბათებიდან ჩამოიხსნა „ნაცმოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს აღმართული 8 „ხუთჯვრიანი”, ფაქტობრივად კი, პარტიული დროშა.…(მადლობა, საკრებულოს მესვეურებს!), რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ ეშვებოდა..
გასულ წელს ჰერალდიკის საბჭომ მოუწოდა მოქალაქეებს, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის („უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის”) დღეს, „საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით” ხუთჯვრიანი დროშები თავადაც გამოეფინათ, ხოლო ახლახან საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა „ეროვნული დროშის” მნიშვნელობას საგანგებო ბრიფინგზე გაუსვა ხაზი და აივნებიდან მისი მასობრივად გამოფენის ინიციატივით გამოვიდა.. არადა, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთა და არც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო დროშის შინაარსის ახსნა არ შეუძლია...
ფაქტია, რომ არსებული სახის ხუთჯვრიანი („ისტორიული”) დროშა პირველად „მოქკავშირის” ღონისძიებებზე ჯერ კიდევ 1995 წელს გამოჩნდა („მონარქისტების” ხუთჯვრიან დროშაში მცირე ჯვრები სწორი იყო). „ოპოზიციონერმა” სააკაშვილმა ის ჯერ „ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია, მერე დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა” და სახელმწიფო დროშადაც „გაამწესა”, ხოლო ჰერალდიკის საბჭოს მიერ ადრე „ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის (გოდფრუა დე ბუიონელის) გერბად, იერუსალიმის გერბად და წმინდა ნიშნად” მოხსენიებული სიმბოლო, ხელისუფლების ცვლის შემდეგ, უკვე, „საქართველოში, სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” ჩაითვალა...
პრეზიდენტობის კანდიდატებსაც არაერთგზის მივმართე კითხვით, თუ რა შინაარსით ესმით „ეროვნული დროშა“ (ორიგინალურია, პარტიული, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური). მართალია, არ მიპასუხეს, თუმცა მე-5 პრეზიდენტმა პირველი პრესკონფერენცია სააკაშვილის მიერ „დაკანონებული“ 5 ხუთჯვრიანი დროშის ფონზე გამართა... მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო სიმბოლოები „ორგანული კანონით” უნდა იყოს დადგენილი (ანუ, მისაღებად გაცილებით მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე კანონს), როგორც ჩანს, ჟურნალისტებსაც სახელმწიფოს უპირველეს სიმბოლოსთან დაკავშირებული პრობლემები არაარსებითად მიაჩნიათ...
ამდენად, „სახელმწიფო დროშის დღის“ მორიგი აღნიშვნის წინ, თავს ვალდებულად ვთვლი, მოქალაქეებს შევახსენო, რომ 2004 წლის 14 იანვარს მოხდა „ვადაგასული” დეპუტატების „მობილიზება” (1999 წელს არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა) და ახალი („რევოლუციური”) დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში „დაკანონება”, ისე, რომ „მოქკავშირელი” საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი ფორმისა და შინაარსის თაობაზე არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა... (მხოლოდ აკადემიკოსი გურამ შარაძე იყო ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად აღიარების კატეგორიული წინააღმდეგი).
ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ 2004 წლის 25 იანვარს, სააკაშვილის მიერ, ერთპიროვნულად, ინაუგურაციის დღეს, გამოცემული N31 ბრძანებულებით მოხდა ახალი „სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა” და, ისიც მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამოფენილისგან მცირედ სახეშეცვლილი ხუთჯვრიანი დროშა (ე. წ. მალტური ჯვრები ან მათი იმიტაცია რომ არ გამოსულიყო, მცირე ჯვრებს შეუცვალეს ფორმა), ილია II-მ აკურთხა და ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლოდ მოიხსენია (მანამდე პატრიარქმა პარლამენტს სახელმწიფო დროშის საკუთარი პროექტი წარუდგინა, რომელიც დღეს სამების ტაძარში „ხუთჯვრიანის” გვერდით არის გამოფენილი და „წმინდა ნინოს დროშის“ სახელით მოიხსენიება).
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე სასამართლომ 2003 წლის 21 მარტს, თბილისის საკრებულოს აშკარად უკანონო დადგენილება ბათილად ცნო და კანონით გაუთვალისწინებელი („ხუთჯვრიანი”) დროშების ჩამოხსნა დაადგინა (სარჩელი ბატონმა გურამ შარაძემ და რამოდენიმე იურისტმა შეიტანა). სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, ხოლო დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დამზადებული „მიშას დროშები” პარლამენტისა და კანცელარიის შენობების თავზეც აღიმართა... აღსანიშნავია, რომ მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და ბიუჯეტის ხარჯზე პარტიული დროშების დამზადებაშიც ამხილა, თუმცა თავად აღმოჩნდა ციხეში... როგორც ჩანს, სააკაშვილსაც დაავიწყდა, რომ ერთ დროს შევარდნაძის „ვარსკვლავთბიჭუნაც” გახლდათ და თვითნებობისთვის მისთვის პასუხი არ მოუთხოვით, თორემ ტელეეთერით გამოსვლისას არ განაცხადებდა: „დროშის გამო ჩემს მიმართ რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო...”
ფაქტია, როდესაც „ნაციონალური“ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე თბილისის მერიის თავზე „ისტორიული (დავით აღმაშენებლის) თეთრი წითელჯვრიანი დროშები“ აღიმართა, არავის გახსენებია, რომ პროფესორ თედო დუნდუას აზრით „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა ”, ხოლო ქართული ისტორიული დროშების ცნობილმა მკვლევარმა, პროფესორმა სვიმონ გამსახურდიამ გაზეთების მეშვეობითაც ამცნო საზოგადოებას, რომ „14 საუკუნეში ანონიმი კათოლიკე ბერის მიერ შექმნილ ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ. ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება. წყაროების მიხედვით, არც მანამდე და არც მე-11-12 საუკუნეების ქართულ დროშებზე ხუთი ჯვრის გამოსახულება არსად ფიგურირებს...” (ამისთვის, ბატონი სვიმონი ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიიდან დაითხოვეს...). ამასთან, ვინაიდან „იერუსალიმის ჯვარი“ („მოლივლივე“ დიდი ჯვარი სწორი მცირე ჯვრებით) სრულიად სხვა ფორმისაა, არ შეიძლება ის ქართული დროშის ანალოგად ჩაითვალოს, ხოლო ქრისტეს შობიდან მესამე ათასწლეულში ქართულ „ეროვნულ დროშად“ გამოცხადებულ სიმბოლოს ჯვაროსნების მიერ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში დაფუძნებული ერთ–ერთი ორდენი იყენებდა...
მართალია, „ვარდების რევოლუციის” დღეებში „დავით აღმაშენებლის დროშას” აფრიალებდნენ, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს „ნაციონალებმა“ ამის დამადასტურებელი მტიცებულებების ძებნა, რისთვისაც სპეციალისტები საგანგებო მისიით თურქეთში, ირანში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მიავლინეს, თუმცა ქართულ „ხუთჯვრიანს” ვერსად მიაკვლიეს...
როგორც ჩანს, სახელმწიფო დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისულების წარმომადგენლებს აქვთ და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული „ოფიციალური ინფორმაციით” სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება... ამასთან, არცთუ იშვიათად, ადმინისტრაციული შენობების წინ გამოფენილი „სახელმწიფო დროშები” და პოლიტიკოსების მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშნები“ აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი „სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”. ამდენად, დაინტერესებულ მოქალაქეებს, საკუთარი სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოს წარმომავლობასა და ლეგიტიმურობაში გასარკვევად, 5-ჯვრიანი დროშის თაობაზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებების გაცნობას ვურჩევდი.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს. უაღრესად არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ „ხელისუფლების წყაროს” – ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის მეცნიერებს მაინც დავეკითხოთ.
ქვეყანაში შექმნილი მეტად სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და რეალურად თავისუფალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეშე, მხოლოდ პილიტიკური ელიტა და „სამოქალაქო სექტორი” ვერც „ეროვნული დროშის“ წარმომავლობაში გაერკვევა ხეირიანად და ვერც „ხუთჯვრიან სტადიამდე” მისულ ქვეყანასაც განკურნავს სამართლებრივი ნიჰილიზმისგან. ამდენად, გონივრული იქნება, სახელმწიფო სიმბოლოების დასადგენად კონკურსი გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო დროშის შინაარსი და ზუსტი აღწერილობა მომავალმა პარლამენტმა ორგანული კანონით დადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, მართლაც შუასაუკუნეების ჯვაროსნების დროინდელი მოდელის მსგავსი, პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს.
ავთანდილ კახნიაშვილი,
სამართლის დოქტორი