ელზა პაპოშვილი
14.01.2020

თბილისში არასრუწლოვანთა ბანდები მოქმედებს, რომლებიც ორგანიზებულად, ათ და მეტკაციანი ჯგუფებით, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ძარცვავენ მაღაზიებს, თავს ესხმიან ბაზრის მოვაჭრეებს და გასაყიდ პროდუქტს სტაცებენ. ასეთი ფაქტები უკვე დაფიქსირდა გლდანისა და დიდუბის ბაზრებში, ასევე კოსტავაზე, პეკინსა და მეტრო „ახმეტელთან“ მდებარე მაღაზიებში.

სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები და გამყიდველები ამ პრობლემაზე უკვე ღიად საუბრობენ და გარკვეული გამოსავლის ძიებაზეც ფიქრობენ. არ არის გამორიცხული, რომ ისინი იძულებულები გახდნენ, საკუთარი მაღაზიები რკინის გისოსებით აღჭურვონ, რადგანაც მათი ზარალი უკვე სერიოზულია. ზოგ მაღაზიას არასრუწლოვნები დღეში რამდენჯერმეც კი ძარცვავენ.

მსგავსი შემთხვევა გლდანში 14 იანვარს გამთენიისას ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ტექნიკის მაღაზია „გრანდ ელექტონიქსს“ 13-მდე არასრუწლოვანი თავს დაესხა. მათ 20-მდე ძვირად ღირებული ტელეფონების მოპარვა მოახერხეს. 

მაღაზიის სათვალთვალო კამერებში კარგად არის ასახული, არასრუწლოვნები როგორ ორგანიზებულად და სწრაფად მოქმედებენ. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ მაღაზიაში საპატრულო პოლიცია ან დაცვის სამსახური მივა, მის გაძარცვას ახერხებენ. ისინი მაღაზიის ვიტრინის ჩამსხვრევას ქვით და რკინის ჯოხებით ამტვრევენ. სახე კი დაფარული აქვთ, რათა მათი იდენტიფიცირება გაჭირდეს. 

როგორც ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, არასრუწლოვნები მაღაზიაში დაახლოვებით დილის 5 საათზე რამდენჯერმე შეიჭრნენ. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს და მათ უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ არასრუწლოვნების კარგად ორგანიზებულ ბანდასთან აქვთ საქმე, რომლებსაც ვიღაც ხელმძღვანელობს და კონკრეტულ დავალებებს აძლევს. 

„დილის საათებში დაახლოვებით 13-მდე არასრუწლოვანი შემოიჭრა, რომლებმაც ძვირად ღირებული ტელეფონები წაიღეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც ჩვენი მაღაზია გაძარცვეს. ტექნიკის ქურდობა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. მაშინაც არასრუწლოვნები მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით, როგორც ვიცით, არც იმ საქმეზე დაკავებული არავინ არ არის. 

„საკმაოდ გახშირებულია მეტრო „ახმეტელის“ მიდებარე ტერიტორიაზე ქურდობა და მსგავსი თავდასხმები. ყველა ამ ქმედებების უკან არასრუწლოვანთა ჯგუფი დგას. ეჭვი გვაქვს, რომ მათ უკან ვიღაც არის. საკმაოდ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებენ, რამდენიმე წუთში მაღაზიას ძარცვავენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი „რეზონანსთან“ საუბრისას.

მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარდედ ასევე რამდენიმე მაღაზიის თანამშრომელი გამოვკითხეთ, რომლებმაც დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ როგორც ახალი წლის დღეებში, ასევე მის შემდეგაც მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არასრუწლოვანთა მიერ ქურდობა და მაღაზიების გატეხვის ფაქტები დაფიქსირდა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვები მხოლოდ მაღაზიებს არ ძარცავვენ და მათი თავდასხმის ობიექტი ბაზრის მოვაჭრეებიც ხშირად ხდებიან. ერთ-ერთი მოვაჭრე ლამზირა გოგია „რეზონანსთან“ ყვება, რომ ბავშვების ჯგუფი ბაზრის მიმდებარედ მოულოდნელად ჩნდება და პირდაპირ იტაცებენ პროდუქტს. მისივე თქმით, ბავშვებს ვიღაც მფარველობს და მათი ქმედებები წახალისებულია. 

„ძალიან გაჭირვებულია ქვეყანა და რა გასაკვირია, რომ მშიერი ბავშვი რაღაცას მოიპარავს. ასე 10-კაციანი ჯგუფი საღამოს უცბად საიდანღაც მოვარდება, ზოგი კარტოფილის ტომარას იტაცებს, ზოგი ყველს და რა ვიცი, რაც ხელთ მოხვდებათ. ბანდებია რა და ასე დადიან. 

„ყველას გვეშინია, რომ მოულოდნელად არ გამოჩდნენ. მერე რაღაცა თავიაანთი სამალავები აქვთ თუ რა არის არ ვიცი, უცებ უჩინარდებიან. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ვფიქრობთ, რომ მათ ვიღაც ხელმძვანელი ჰყავთ“, - აცხადებს მოვაჭრე „რეზონანსთან“. 

აღმოჩნდა, რომ არასრუწლოვნების შეტევის ობიექტი ასევე დიდუბის ავტოსადგომში მდებარე ბაზრის მოვაჭრეებიც არიან. ისინიც „რეზონანსთან“ მსგავს ისტორიებს ყვებიან და ამბობენ, რომ ბავშვები ჯგუფურად და ორგანიზებულად მოქმედებენ. 

პეკინის გამზირზე ამავე მეთოდებით არასრუწლოვნებმა ბოლო პერიოდში საიუველირო და ტანსაცმლის მაღაზიები გაძარცვეს. აქაც მაღაზიების მეპატრონეებს ეჭვი აქვთ, რომ ბავშვების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება დგას. 

2 დღის წინ ასევე თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს. ამ შემთხვევაშიც ძვირად ღირებული ტელეფონებია წაღებული. არსებობს ვარაუდი, რომ აქაც არასრუწლოვნები მოქმედებდნენ. ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარი, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. 

17 დეკემბერს კი პეკინზე „აიპლუსის“ მაღაზია გაძარცვეს. „აიპლუსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 16 000 ლარის ოდენობის პროდუქციაა წაღებული. ამ შემთხვაშიც სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში არასრუწლოვნები ჩანან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×