რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ექსპრეზიდენტსა და ექსპრემიერ დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.
"დიმიტრი ანატოლიევიჩი ყოველთვის განიხილავდა საკითხებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით, მე შესაძლებლად მიმაჩნია და ვთხოვე მას მომავალში ამ კატეგორიის საკითხებით დაკავდეს," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას.
პუტინის თქმით, იგი მზადაა მედვედევის უშიშროების საბჭოში ახალი პოზიციის შემოღების გამო დუმის დეპუტატებს საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის მიმართოს.
დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.