ია აბულაშვილი
16.01.2020

 მე-12- 13 საუკუნის ქართული ხურომოღვრების უნიკალური ძეგლი ქვათახევი, მთავარ მონასტრად ითვლებოდა ქართლში და მას დიდებულები მფარველობდნენ.

სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და სენაკები. ნაგები თეთრი თლილი ქვით და შემკული ულამზესი ჩუქურთმებით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული დიდი ჯვრით.

გადმოცემის თანახმად, ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსელის მცირე ნაწილია ჩატანებული. აქვეა დავანებული ქრისტიანული უდიდესი სიწმინდე იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო ოჯახები ყოვლაწმინდას შვილიერებას ევედრებიან.

ამ ტაძარმა უამრავ შემოსევებს გაუძლო, ყველაზე მძვინვარე კი თემურ ლენგის შემოსევას უკავშირდება. თემურ ლენგის ლაშქრობის დროს 1386 წელს მონასტერი დაარბიეს და ტაძარს შეფარებული მღვდელ-მონაზონნი და მრევლი ერთად შეყარეს და ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს.

"განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრის საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ, ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი, ხოლო მონასტერს თავშეფარებული მონაზონნი, მრევლნი მამანი და დედადანი, აზნაურნი, მღვდელნი და დიაკონნი დაარბიეს, შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს,

"ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს. თავწარკვეთილთა სისხლის გაჯერებულ მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცად ადიოდა, ქუხილსა სახლისასა მთანიცა ხმას სცემდნენ. დღემდე იხილვების წმინდასა ეკლესიის დამწვარი სახენი მათნი"- ასე აღწერდა ჟამთაღმწერელი ქვათახევის მონასტრის ტრაგედიას.

დარბეული მონასტერი 1412-1442 წლებში მეფე ალექსანდრე დიდმა აღადგინა. ამ დღიდან მოყოლებული ეკლესიაში ქალს ფეხი არ დაუგამს, ეკლესიის მახლობლად აიგო ნიშა სადაც ევედრებოდნენ ყოვლაწმინდა დედას. ამ წესს 1796 წლამდე იცავდენენ. 1821 წლამდე კი ტაძარში ფეხშიშველი შედიოდნენ. ამ წესს ემორჩილებოდნენ მაჰმადიანი დიდებულებიც.

სხვადასხვა დროს ქვათახევის მამათა მონასტერში წინამძღვრობდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები. მე-15 საუკუნეში მონასტრის წინამძღვარი იყო სამცხის ათაბეგის ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან- დარეჯანის მამა გერმანე. მე-16 საუკუნეში ფილიპე ბარათაშვილი, რომელმაც 1559 წელს ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარჯანის გურჯი დაწერა. მე-17 საუკუნეში წინამძღვრობდა იოანე ავალიშვილი, ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მან გადაწერა და მხატვრულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი". წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით კი გადაუწერია და შეუმკია ლოცვანი-ლაუჯდომელი.

მისი მოღვაწეობის დროს 1601 წელს მონასტერს დიდძალი ოქრო და ვერცხლი შეუწირავს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან დასახსნელად. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, ხოლო მონასტერში დაცული სიწმინდეები ახლოს გამოქვაბულში გადამალეს. მე-18 საუკუნის ბოლოს ტაძარი ისევ მოქმედი გახდა, 1809 წელს გადამალული განძი აღმოაჩინეს და კვლავ მონასტერს დაუბრუნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×