ელზა პაპოშვილი
17.01.2020

უმძიმესი შემთხვევა სოფელ შინდისში- პოლიციამ დააკავა 45 წლის მამაკაცი, რომელიც ცოლს სისტემატიურად სცემდა, აშიმშილებდა და სადრაფში კეტავდა. ამ ყველაფერს კი 2  ბავშვის თვალწინ აკეთებდა. ამის შესახებ იცოდნენ, სავარაუდოდ,  ნათესავებმა, მეზობლებმა, თუმცა ქალის დასახმარებლად 20 წლის განმავლობაში არავინ არაფერს აკეთებდა. 

მორიგი ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ კი ახალგაზრდა ქალმა ხილის შესაწამლი ნივთიერება დალია და თავი მოიწამლა. მისი მძიმე ყოფის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პოლიცია საქმის კურსი ჩააყენა, რის შემდეგაც საქმზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

ახალგაზრდა ქალის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს.  ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. დაკავებულის  ქმარი კი ცოლზე ძალადობას უარყოფს და როგორც მისი მეზობლები გვიყვებიან, ის დაკავებამდე რეამინაციის შესასვლელთან იდგა, რათა ცოლს პოლიციისთვის მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. თუმცა გონზე მოსულმა ქალმა, სავარაუდოდ, გამოძიებას მომხდარი დეტალები მოუყვა.  

მამაკაცის ოჯახიც რძალზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფენ და ქმრის პროვოცირებაში პირიქით ბრალს მის ცოლს სდებენ. 

მეზობლები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი 36 წლის ქალი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნახეს. მათი ინფორმაციით,  უმძიმეს გადაწყვეტილებამდე ქალი  მას შემდეგ მივიდა, რაც საკუთარმა ქმარმა სარდაფში გამოკეტა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება დაკავებულს სამი მძიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. ასევე, სავარაუდოა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებამდე არ მიჰქონდათ.  

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რთულია ოჯახის საქმეში ჩარევა, რადგანაც მამაკაცი საკმაოდ მძიმე ხასიათის არის და მათთან კომუნიკაცია ნაკლებად ჰქონდათ. ერთ-ერთი მეზობელი გვიყვება, რომ ქალი გარეთ ძირითადად  არ გამოდიოდა. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ ქმარი ცოლზე ძალადობდა,  თუმცა პოლიცია საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. 

„არ ვიც ამბობენ, რომ სცემდა და სარდაფში ჰყოლია გამომწყვდეული. ვიცოდით, რომ კონფლიქტი ჰქონდა ცოლ-ქმარს, თუმცა ასე მძიმე  სიტუაცია თუ იყო არ ვიცით. სასწრაფოს ექიმები, რომ მოსულან უნახავთ, რომ ნაცემიც ყოფილა,  სახე აქვს დასიებულიო. ვაშლს რომ წამლიან ის საწამლავი დაულევია. პადვალშიც ამწყდევდაო და რა ვიცით, ამ ქალის მშველელი არავინ აღმოჩნდა“,-გვიყვება მეზობელი, რომელსაც ღიად ვინაობის დასახელება არ სურს.  

მეორე მეზობელი  ქალბატონი კი ამბობს, რომ მამაკაცი როგორც სისტემატიურად სვამდა, ასევე ცოლს აიძულებდა, რომ ემუშავა და ფული მისთვის მიეცა. თუ უარს ეტყოდა მას ნებისმიერ წინააღმდეგობაზე ფიზიკურად უსწორდებოდა. ქალი კი იძულებული იყო,რომ შვილების გამო, 20 წლის განმავლობაში ეს შეურაცხყოფა აეტანა. 

„ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ქალი შვილების გამო აი ასეთ ტირანს იტანდა. წასასვლელი, რომ არსად ჰქონდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში იმიტომ იტანდა. ორი შვილით სად წასულიყო? ჯერ ერთი, რომ მუდმივად სვამდა, მერე აიძულებდა, რომ ფიზიკურად ემუშავა და ოჯახიც მას  ერჩინა. ფაქტობრივად მონად ჰყავდა. ერთი შეწინააღმდეგება და სასტიკად სცემდა. ყველამ კარგად იცოდა ამის შესახებ და მეზობელბსაც არა ერთხელ გაუშველებიათ“,-აცხადებს მეზობელი „რეზონანსთან“. 

დაკავებულის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის და პირიქით, რძალი იყო პროვოკაციების ინსპირატორი.  მისი შვილი აქეთ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარა. დედა აცხადებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ცოლის ნათესავები უნდა დაებარებინა და მათთვის მოეყოლა თუ ცოლი რა მძიმე პირობებში აცხოვრებდა,  როგორ ავიწროვებდა. ამის შემდეგ კი გაიგო, რომ მისმა რძალმა საწამლავი დალია. დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციაში თავადვე გამოცხადდა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×