
საზარელი მკვლელობა სურამში - სავარაუდოდ, 32 წლის ლევან ლომიძემ, 26 წლის ყოფილი ცოლი ბეტა ნაჭყეპია, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა. ეს სასტიკი მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სურამში ბებიასთან იმყოფებოდნენ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბეტა ნაჭყეპია ქმართან უკვე 2 წელია რაც გაშორებულია და ის ყოფილი ქმრის ბებიასთან პერიოდულად მიდიოდა, რათა მამას ბავშვი ენახა. ნაჭყეპია შვილთან ერთად სენაკში ცხოვრობდა.
მკვლელობის მოტივად ადგილობრივები ყოფილი ქმრის ეჭვიანობას ასახელებენ. შემთხვევა მხოლოდ ერთადერთი თვითვმხილველი ლევან ლომიძის ბებია ჰყავს, რომელიც ამ საზარელ მკვლელობას შეესწო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ლევან ლომიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის ყოფილ მეუღლეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ის ცოლს შერიგებას სთხოვდა, რაზეც ნაჭყებია უარს ეუბნებოდა.
ლომიძის ოჯახი კი ამბობს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი ბავშვი იყო, რომლის ნახვასაც ნაჭყეპია მამას უკრძალავდა.
გოგონას მძიმე ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული, ის ადგილზევე გარდაიცვალა. მისი ყოფილი ქმარი ლევან ლომიძე კი ადგილიდან მიიმალა. პოლცია მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული კი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მეზობლები აცხადებენ, რომ ისინი სახლში ბებიის ყვრილის ხმაზე შეცვივდნენ, თუმცა უკვე საზარელი სურათი დახვდათ. გოგონა ეზოში სისხლში იწვა და უკვე გარდაცვლილი იყო. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც მძიმე ფაქტით დასრულდა.
“ ბიჭი წარმოშობით ხაშურიდანაა და იქ ცხოვრობს. როგორც ვიცით უკვე 2 წელია რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. გოგოს ბავშვი ყოფილი ქმრის ბებიასთან პერიოდულად მოჰყავად ხოლმე, რომ მამას ენახა. ამბობენ ცოლი უყვარდა და შერიგებას სთხოვდაო. მერე გაუგია, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყოლია და ამაზე უჩხუბიათ.
ზუსტად არავინ იცის რა და როგორ მოხდა. სავარაუდოდ, ეზოში შეშის საჭრელად დადებული ნაჯახი აქვს თავში რამდენჯერმე ჩარტყმული. ბებია არის მხოლოდ თვითმხილველი. ყვირილზე მეზობლები, რომ შევიდნენ უკვე გარდაცვლილი იყო. თავში ჰქონდ დაჩეხილი”, –აცხადებს „რეზონანსთან“ მეზობელი.
სურამში მოკლული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მარიკა ლომიძე კი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო. მისი თქმით, ყოფილი რძალი ბავშვის ნახვის საშუალებას არ აძლევდათ. მას მხოლოდ მაშინ მიჰყავდა ბავშვი მამასთან სანახავად როცა თავად მოისურვებდა. ამაზე კი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კამათი ხდებოდა. დედამთილი ამბობს, რომ მან ყოფილ ქმარს შვილი ახალწელსაც არ აჩვენა, რის გამოც, სავარაუდოდ, მათ კამათი უნდა მოსვლოდათ.
„მათ ჩხუბის მიზეზი ძირითადად ბავშვი იყო. როცა მოესურვებოდა აჩვენებდა ბავშვს, როცა არა და არა. ასე მუდმივად ხვეწნა-მუდარაში იყო ჩემი გაუბედურებული შვილი. ბავშვი უყვარდა ძალიან და თუ მისი სურვილი არ იყო, მამა-შვილს ერთმანეთს არ ახვედრებდა. თუ თავის სურვილი იყო, ჩამობრძანდებოდა და აჩვენებდა ყველას, თუ არადა არა",- ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა.