ელზა პაპოშვილი
18.01.2020

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 4 თვის წინ ვარკეთილში 9 სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი 16 წლის ახალგაზრდის საქმეზე ოჯახს კვლავ კითხვები აქვს და იმის გარკვევას ცდილობს, გადმოხტა თუ გადმოაგდეს 16 წლის მოზარდი. 

მომხდარი ტრაგედიის საქმეში ახალი დეტალებია - სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს. ოჯახი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა, ბრალდებულების ოჯახს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 4 თვიანი ლოდინის შემდეგ, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე მთავარი მოწმეები სასამართლო პროცესზე ალაპარაკდნენ. მათ მოსამართლის თანდასწრებით საქმის ახალ და მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრეს.

მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და პირდაპირ დაადეს ხელი კონკრეტულ პირებს, რომლებიც მათი თქმით, ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მოწმეებს არ დაუკონკრეტებიათ, თავდაპირველად რატომ დაუმალეს ეს ინფორმაცია გამოძიებას. ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი სამართალდამცველის შვილია, ერთი კი ლეგენდარული „კანონიერი ქურდის“, დედ ჰასანის ოჯახის წევრი. 

გარდაცვლილის ოჯახი თითქმის დარწმუნებულია, რომ მე-11 კლასის მოსწავლეს თავი არ მოუკლავს და ის სახურავიდან გადმოაგდეს. თუმცა, მათ სულ სხვა ვერსია აქვთ. გარდაცვლილის და სწორედ ოქროს მოწმეებზე დაყრდნობით ყვება, რომ ვარკეთილში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე არასრულწლოვანი მარტო არ იმყოფებოდა და ის ბრალდებულმა პირებმა მოკლეს, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვისთვის თვითმხილველებს აშანტაჟებენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

ასლან უსოიანის, იმავე "დედ ჰასანის", ოჯახის წევრი პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე დააკავა. არასრულწლოვანი იმ ჯგუფთან ერთად აიყვანეს, რომელსაც ძარცვის მუხლით ედავებიან. მისი ვინაობა გამოძიებას იმ ადამიანებმა დაუსახელეს, რომლებმაც მე-11 კლასის მოსწავლე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს. 

თვითმკვლელობის საქმეში 6 პირის ბრალეულობა გამოიკვეთა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენებები გარდაცვლილის მეგობრებმა მისცეს. მოწმეები აღწერენ, რომ სტადიონთან პირადად შეესწრნენ, როგორ წაართვეს მე-11 კლასის მოსწავლეს მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით კი ამ პროცესში დაკავებულებიდან მხოლოდ 3 აქტიურობდა.

"გ. შ. სთხოვდა გიორგი ყუშიტაშვილს, რომ მიეცა მისთვის ტელეფონი, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. ამის შემდეგ გაიყვანეს იქვე, რამდენიმე მეტრში მდებარე სტადიონთან. სადაც შ. და წ. ითხოვდნენ მობილურს, რაზეც გიორგი ისევ უარს აცხადებდა. რადგან ამბობდა, რომ ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, იყო მისი შეყვარებულის. ამის შემდეგ გ. შ.–მ სცადა ძალით წაერთმია ტელეფონი: მიუახლოვდნენ, ზოგი ხელს უჭერდა, ზოგი სხეულზე იჭერდა და საბოლოოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს. გიორგი სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, უთხრა, რომ სახლშიც პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ გ.შ–მა და გ.წ–მა მას სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხეს. გიორგი ყუშიტაშვილს ეტყობოდა, რომ იყო ძალიან აღელვებული, ხოლო მათი მხრიდან ისევ ისმოდა დამცინავი სიტყვები," - წერია ერთ-ერთ არასრუწლოვანის ჩვენებაში. 

მოწმეების ჩვენებებიდანვე ირკვევა, რომ გარდაცვლილი არ იყო იმ დღეს ერთადერთი, რომლისთვისაც ტელეფონის გამოძალვა სურდათ. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გამოძიებას უყვება დეტალებს, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თავადაც პოტენციური მსხვერპლი, რომელსაც ადამიანთა ჯგუფი აშინებდა.

ყველა მოწმის ჩვენება თითქმის იდენტურია. დაკითხულები ასახელებენ, რომ ყველაზე მეტად გ.შ–თან ერთად გ. წ. აქტიურობდა. ის წარსულში ძალადობის მუხლითაც ნასამართლევია. 21 წლის გ.წ–ს ქალზე ძალადობას ედავებოდნენ. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ გაამტყუნა. 

ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ტაქსის მძღოლი, რომელმაც გარდაცვლილის ტელოფონი დაალომბარდა. ტაქსის მძღოლის გელა დავითაშვილის საეჭვო კავშირით ამ საქმეში გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისი სახელითა და გვარით რამდენიმე ტელეფონია დალომბარდებული. ყველა შემთხვევაზე დავითაშვილი ამბობს, რომ დახმარება მგზავრებმა სთხოვეს, რომლებსაც არ იცნობს.

ტრაგედიის მიზეზების გასარკვევად გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს სიცოცხლეშივე მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნება. თუმცა, განსხვავებული ჩვენებების ფონზე კონკრეტული პირების დადანაშაულება ჯერ უჭირთ.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ გადაწყვეტილებამდე კი მას შემდეგ მივიდა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მას მობილური ტელეფონი წაართვეს. არც წარსულში და არც ახლა, ოჯახი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×