ელზა პაპოშვილი
20.01.2020

თვენახევრიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმალვაში მყოფი 50 წლის მამაკაცი არჩილ ჯანგულაშვილი დააკავეს, რომელმაც, სავარაუდოდ, სიმამრი სანადირო თოფით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. 

ამ ეტაპზე, ჯანგულაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით აქვს წაყენებული. მკვლელობაში მისი მონაწილეობის გამოსავლენად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ეს სასტიკი დანაშაული კი 2019 წლის 30 ნოემბერს სოფელ ნუკრიანში მოხდა.  გამოძიების მიხედვით, 60 წლის ფირუზ გოგინაშვილს არჩილ ჯანგულაშვილმა სახლში მიაკითხა და სანადირო თოფიდან, თავის არეში, სავარაუდოდ მიბჯენით ესროლა და მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილს ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

მეზობლები მკვლელობის მოტივზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სიძესა და სიმამრს შორის დაძაბულობა მისი ქალიშვილის გამო არსებობდა. მათი ინფორმაციით, სიძე მის შვილზე სისტემატიურად ძალადობდა და ის უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. 

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ჯანგულაშვილი ციხიდან ახალი გამოსული იყო. მეზობლების განცხადებით, ფირუზ გოგინაშვილის ქალიშვილმა ჯანგულაშვილისგამო ქმარ-შვილი მიატოვა, ამიტომ, მამა უკვე რამდენიმე წელი იყო შვილს არ ელაპარაკებოდა. 

60 წლის ფირუზ გოგინაშვილი სახლში მოკლული მისმა ვაჟიშვილმა თემურ გოგინაშვილმა იპოვა. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ  ჯანგულაშვილს კონფლიქტი სიმამრის  გარდა, მამასთანაც ჰქონდა და მოკვლით მასაც ემუქრებოდა.  

გარდაცვლილის შვილი თემურ გოგინაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მამა უკვე გარდაცვლილი მან სახლში საღამოს იპოვა. გოგინაშვილი ამბობს, რომ სიძესთან ოჯახს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ და სამი წელია მასთან კონტაქტსაც კი ერიდებოდნენ. შვილის თქმით, მას არც დასთან და არც სიძესთან ამ წლების განმავლობაში საერთო არაფერი ჰქონია, ამიტომაც, მისთვის უცნობია სიძე-სიმამრის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა. 

„არ ვიცი ზუსტად  რა და როგორ მოხდა. საღამოს სახლში მივედი და მამაჩემი სკამზე იჯდა და უკვე გარდაცვლილი იყო. სახე სრულიად სისხლიანი ჰქონდა. პოლიციამ პირველადი დათვალიერებისას თქვა, რომ ნასროლი სანადირო თოფიდან აქვს. არ ვიცი, იყო თუ არა ჩემი სიძე, როგორც მითხრეს ის არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და ეძებენ. 

“არც ჩემს დასთან და არც სიძესთან სამი წელია არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს.  მამას  მკვლელობამდე წინა დღეს ვესაუბრე და აღელვება არ შემიმჩნევია. წარმოდგენა არ მაქვს სახლში რატომ მოუვარდა“, - აცახდებს გარდაცვლილის შვილი „რეზონანსთან“. 

მზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მკვლელობამდე ჯანგულაშვილს ცოლთან კონფლიქტი კვლავ მოსვლია და დამუქრებია, რომ მას სამუდამოდ გაამწარებდა. მათივე ინფორმაციით, ორივეს ქალსაც და კაცსაც ოჯახები ჰქონდათ მიტოვებული.  

„ფირუზი საკმაოდ კარგი და პატიოსანი კაცი იყო. მისგან წყენა ერთ მეზობელს არ ახსოვს. აბა როგორია მისმა გოგომ ამ კრიმინალის გამო ქმარ-შვილი მიატოვა, იმან კიდევ ცოლ-შვილი. მამა გაბრაზებული იყო და ამის გამო მასზე უარი თქვა. მაგრამ მამაა და გული ჰქონდა, ესმოდა, რომ მის შვილს დღე და ღამს სცემდა,  ამწარებდა. გოგინაშვილმა შვილზე ამ ბიჭის გამო უარი თქვა და უთხრა, რომ ოჯახი აღარ ეხსენებინა. 

ეს ბიჭი ციხიდან ახალი გამოსულია. მამასაც კი მოკვლით ემუქრებოდა. თავზე ხელაღებული ნაძირალაა. მკვლელობამდე ჯერ ჩხუბი ცოლთან მოსვლია და უთქვამს, რომ უნდა გაგამწაროვო. გაბრაზებული მამამისს მიუვარდა. ჯერ ყელი გამოჭრა და მერე, როგორც ჩანს სანადირო თოფიდან თავში ესროლა. ეგ ადამიანი ძალიან საშიშია და იმედია მალე დააკავებენ. არ ვიცი, თვითმხილველები არიან თუ არა, პოლიციამ მეზობლები და ახლობლები დაკითხა. სხვა მაგის მეტი ამ საცოდავ კაცს მტერი არ ჰყვადა“, - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×