
30 დეკმებერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი 18 წლის მათე ჯომიდავა, რომელიც მომხმარებლებმა სცემეს, რამდენიმე კვირიანი კომის შემდეგ 21 იანვარს ღამით მე-9 საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 30 დეკემბერს დილის 11 საათზე მოხდა. მათე ჯომიდავას ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც კონსულტანტის მომსახურება არ მოეწონა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, გარეთ გასული უკან ცემენტის ფილით შეიარაღებული დაბრუნდა და ახალგაზრდას თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა. მამაკაცი პოლიციამ იმ დღესვე დააკავა და მას ბრალი სსკ-ის 118-ე მუხლით წარუდგინა.
თუმცა მისი ახლობლები გამოძიების ვერსიას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ 18 წლის მათე ჯომიდავას არა ერთი, არამედ თავს 4 პირი დაესხა. მათი თქმით, ახალგაზრდა ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი თავის არეში ცემენტის ფილით მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
ნაცემი ჯომორდავა 20 დღის განმავლობაში მე-9 საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იყო. მედიკოსები აცხადებენ, რომ მას ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის ხელოვნურ სუნთქვაზე სიკვდილს 30 დეკემბრიდან ებრძოდა. გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები მოითხოვენ, რომ დანარჩენი 3 პირის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოხდეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მათე ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა და პარალელურად მარკეტში მუშაობდა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, მაღაზიის გაქურდვა უნდოდათ. ის კი მათ შეეწინააღმდეგა, რის გამოც 4 პირმა სცემა. ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდას არავინ მიეხმარა და მოძალადეების წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, რადგანაც მათე ოკუპირებულ აფხაზეთიდან არის მის ცხედარს რამდენიმე დღით ზუგდიდში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სოფელ საბერიოში გადაასვენებენ.
„სწავლა უნდოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. გულუბრყვილო, ალალი და მოწესრიგებული ბავშვი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა და თვალს არაფერზე დახუჭავდა. 18 წლის ბიჭი 4 არამზადას წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდა. სავარაუდოდ, მაღაზიიდან რაღაცის მოპარვა უნდოდათო, ზოგი ამბობს, მათე შეაგინეს მომსახურება არ მოეწონათ და ცუდად მიმართეს.
„ფაქტი ერთია, რომ ბავშვი 4 ადამიანმა სცემა, შემდეგ გარედან ასფალტის ფილა შემოიტანეს და თავში ჩაარტყეს. 20 დღის განმავლობაში გონზეც არ მოსულა, ასე ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. დამალეს მედიასთან ინფორმაცია, რომ ვითომ მდგომარეობა ასე მძიმე არ იყო. მოვითხოვთ, რომ ის 3 პირიც დააკავონ, რომლებიც ბავშვის ცემაში მონაწილეობას იღებდა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.
მისივე თქმით, მათეს ნათესავები დაკრძალვას ვერ დაესწრებიან, რადგანაც ხიდზე საბუთების გარეშე აფხაზეთში არავინ გაუშვებთ. ამიტომაც მას ჯერ ნათესავები იგლოვებენ, შემდეგ კი სოფელში დედასთან და დასთან გადაასვენებენ.