
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, რომელიც სამჯერ გამოიძახეს, გოგონა საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
სალომე გაგუა ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ხოლო მესამეჯერ გამოძახებულმ სასწრაფო დახმარებამ მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მხოლოდ გადასხმები გაუკეთეს და სტაციონარში არ მოათავსეს. ოჯახს უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერია და სახლში გაწერეს. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში თავადვე გადაიყვანეს.
გაგუას ახლობლები საავადმყოფოს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ, რადგან მათი განცხადებით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გაუარესდა და მისი თბილისში გადაყვანა საჭირო გახდა. თუმცა, 22 წლის სალომე გაგუა გვიან ღამით, გზაში კატასტროფის ავტომობილში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ჯერ თქვეს, რომ ფილტვების ანთება აქვს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშველისო. ერთი სასწრაფო მოვიდა, საავადმყოფოში არ წაიყვანეს, მეორე მოვიდა არც იმან არ გადაიყვანა. შემდეგ სიტუაცია, რომ კიდევ უფრო გართულდა, მესამე გამოვიძახეთ, იმან წაიყვანა, მაგრამ გადასხმები გაუკეთეს და საავადმყოფოში არ დააწვინეს. უკან სახლში გამოგვატანეს. არაფერი ისეთი არაა. მერე კი, როდესაც წაიყვანეს, უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და პირდაპირ რეამინაციაში გადაიყვანეს“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში 19 იანვარს, გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით მიიყვანეს. მას ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და შემდეგ, ოჯახთან მოლაპარაკების შედეგად, გადაყვანილ იქნა ქუთაისში.
ახალგაზრდა ქალი კი გორის სიახლოვეს მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ სამკურნალოდ. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ოჯახი გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო. მათი თქმით, ანალიზები თბილისშია გადაგზავნილი.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, რომ პაციენტი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოიყვანეს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გრიპის ვირუსი. როგორც ვიცი, ლაბორატორიული ნიმუშები გაგზავნილია და დღეს დღის ბოლოს ველოდებით პასუხს“, - თქვა ნანა ოდიშარიამ.