ელზა პაპოშვილი
28.01.2020

სუპერ მარკეტ „სპარში“  თანამშრომელზე თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. 24 წლის ბადრი კურატაშვილი ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ქსელში დაჭრეს. ახალგაზრდას ბასრი საგნით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრაში ბრალდებული პირი კი პოლიციამ მალევე დააკავა. 

დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა 28 იანვარს გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, მომხმარებელსა და კონსულტანტს შორის  ჩხუბი  სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბადრი კუარტაშვილის დაჭრა სავარაუდოდ, დანით მოხდა. 

„არ ვიცით კონკრეტულად რა მოხდა. ის გავიგეთ, რომ მომხმარებელმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. არც დაცვა ჰყავთ და არც არავინ, რომ მიშველებოდა. მორიგეობით არიან ხოლმე ღამე და ვინ დაეხმარებოდა. 

„ზოგადად ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ სუპერმარკეტების ქსელში. დღეში მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ, ტყავს გვაძრობენ, ახლა ეს თავდასხმები. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ვინმე რამეს მიზანმიმართულად აკეთებს თუ რა ხდება, ვერ გავიგეთ. 

„მუცელში იყო დაჭრილიო. სავარაუდოდ, დანაა გამოყენებული. კიდევ კარგი, რომ გადარჩა და სიტუაცია ისევ ფატალურად არ დასრულდა“, - აცხადებს „რეზონანსთან“  სუპერმარკეტის  ერთ-ერთი თანამშრომელი. 

24 წლის ბადრი კურატაშვილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. მედიკოსები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ პაციენტს ჭრილობა ბასრი იარაღით მუცლის ღრუში აქვს მიყენებული. მათი ინფორმაციით, დაზიანებული იყო ღვიძლი, მდგომარეობა სტაბილური და მხოლოდ მუცლის ღრუდან იყო უმნიშვნელო სისხლის დაკარგვა. 

პოლიციამ „სპარის“ თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

„ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი „სპარის“ კონსულტანტს - 1995 წელს დაბადებულ ბ.კ.-ს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

„განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს 30 დეკემბერსაც დაესხნენ, თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა კაცი გასულ კვირას გარდაიცვალა.

მას თავში ასფალტის ფილა ჩაარტყეს და 20 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ამ საქმეზეც ერთი პირი დააკავეს, თუმცა გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი ამბობს, რომ ჩხუბში 4 პირი მონაწილეობდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×