რატომ შეხვდა „აღფრთოვანებით“ ევროპის საბჭო რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას
თამთა ჩაჩანიძე
30.01.2020

 "რუსეთი ევროპის საბჭოს მთავარი დამფინანსებელია და როდესაც მას წევრობა შეუჩერეს, საბჭოს რუსული თანხები დააკლდა," - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ რუსეთისათვის უფლებამოსილების სრულად აღდგენას.

99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, 7-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა, ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხი დადებითად გადაწყდა, ასამბლეა რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას დათანხმდა და ასევე იმას, რომ რუსეთის მიერ მიღწეული პროგრესების შეფასებას დაუბრუნდეს, ვიდრე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა რუსეთში ვიზიტის შედეგად არ იქნება წარმოდგენილი მონიტორინგის მოხსენება რუსეთთან დაკავშრებით.

მაისაია ამბობს, რომ სიტუაცია 1920 წლის მოვლენას აგონებს, როდესაც ერთა ლიგამ საქართველოს მის წევრობაზე უარი უთხრა.

„ცერემონიას ვუყურე და ისიც ვნახე, თუ ევროპელი წევრები რუსეთს როგორი აღფრთოვანებით, ემოციებითა და სიხარულით უჭერენ მხარს, ამ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდა, რაც ძალიან გამიკვირდა.

„რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტ-იდეოლოგი ტოლსტოი, რომელსაც "ოერტე" -ზე პროპაგანდისტული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია" მიჰყავდა, შემდეგ პუტინმა ეს დაუფასა , მმართველ პოლიტიკურ პარტიაში გადაიყვანა და შემდგომში სახელმწიფო სათათბიროს წევრი გახადა, ფაქტიურად რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ლიდერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერი გახდა.

„ეს განპირობებული იყო ერთი ძალიან მარტივი ფაქტით, სამწუხაროდ პოლიტიკური შიგთავსი მესამე პლანზე გადავიდა, იმ დროს როცა რუსეთში კონსტიტუციური ცვლილებები ხორციელდება და ის ევროსაბჭოს ყველა გადაწყვეტილებების სრულად იგნორირებას აპირებს, რუსეთი ევროპის საბჭოს მთავარი დამფინანსებელია და როდესაც მას წევრობა შეუჭერეს, საბჭოს რუსული თანხები დააკლდა.

„ეს სიტუაცია მაგონებს იმას, თუ როგორ მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იგნორირება და მარტო დატოვება, როდესაც ერთა ლიგამ 1920 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უარი უთხრა, რომ მისი წევრი გამხდარიყო.

"ამან მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაღუპა იმიტომ, რომ 1921 წლის 11 თებერვალს რუსეთი შემოიჭრა და ანექსია მოახდინა, ეს რეციდივი თითქოს მეორდება და არ მინდა, რომ ამის პრეცენდენტი განმეორდეს" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსი დეპუტატები გათავხედდნენ და საქართველოს აქეთ წაუყენეს ულტიმატუმი.

„რა თქმა უნდა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და ბრიტანეთი წინააღმდეგია, მაგრამ დანარჩენმა ქვეყნებმა ფაქტიურად მხარი დაუჭირა და სანქციურ პოლიტიკასთან დაკავშირებით როგორ გაგრძელდება ეს, საკითხავია.

„ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება თვითონ ამ ორგანიზაციასაც ერთგვარ ჩიხში აქცევს, იმის მაგივრად, რომ მონიტორინგის ჯგუფს რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა, და რუსეთის დელეგაცია არ დაეშვა, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება.

„და შემდეგ ეს რუსი დეპუტატები როგორი გათავხედებული იყვნენ, ტოლსტოიმ პირიქით გვითხრა, რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ულტიმატუმის ენით დაგველაპარაკა და აქეთ ვალი დაგვადო.

„ვის ვენდოთ? აქ ისმის რიტორიკული კითხვა, იმ ქვეყნების იმედი, რომლებმაც რუსეთს მხარი დაუჭირეს, უნდა გვქონდეს, მაგრამ იმ ქვეყნების იმედზე რამდენად უნდა ვიყოთ, რომელებმაც რუსეთს მხარი დაუჭირეს, ეს გაუგებარია" - განაცხადა მაისაიამ.

ამ გადაწყვეტილებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×