
47 წლიანი თანამშრომლობისა და წევრობის შემდეგ, 31 იანვარს ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ახლა ქვეყანას 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი ელის, რადგან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი თანამშრომლობის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო ახალი პოლიტიკითა და წესით იწყებს ცხოვრებას.
ლონდონის დროით 31 იანვარს 23:00 საათზე (თბილისის დროით 1-ლ თებერვალს 03:00) ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, სამ წელიწადზე მეტი - 1317 დღე გავიდა.
ბრიტნეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენამდე ერთი საათით ადრე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ბრექსიტი არა ისტორიის დასასრული, არამედ ახალი ეპოქის დასაწყისია ბრიტანეთისთვის:
„თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მიმაჩნია, რომ თავდაჯერებულობა ყოველი თვის განმავლობაში გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც", - განაცხადა ჯონსონმა და დაამატა, რომ განსაკუთრებით ახლაა მნიშვნელოვანი ერთიანობა და ერთსულოვნება ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ერთსულოვნება ბრექსიტთან დაკავშირებით არ ყოფილა და ევროკავშირიდან გასვლის აღნიშვნის ცერემონიის პარალელურად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის ფარგლებში შოტლანდია ბრექსიტის კატეგრიული წინააღმდეგი იყო და შოტლანდიის პრემირმა ევროკავშირ წერილიც მისწერა, რომელშიც წერდა, რომ სწუხს აღნიშნული ვითარებისა და გაერთანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის გამო.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, მას კონკრეტულად საკუთარი ბედი და ეკონომიკური მდგომარეობა აღელვებს, რადგან მიუხედავად ბრექსიტისა, საკუთრივ ირლანდიში „გაყრამდე" არსებული წესებით გაგრძელდება როგორც საბაჟო პოლიტიკა, ასევე ვაჭრობა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა „გარდიანთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსს მაინც შეინარჩუნებს:
„პატივს ვცემთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მზად ვართ წინსვლისთვის", - თქვა მან.
ცნობისთვის, ევროპულ თემს, რომელიც ევროკავშირის საფუძვლად იქცა, ბრიტანეთი 1973 წელს შეუერთდა, ხოლო წევრობა 1975 წლის რეფერენდუმით დაადასტურა. თუმცა 47 წლის განმავლობაში სრული ინტეგრაცია არ ყოფილა, რადგან გაერთიანებულმა სამეფომ საკუთარი ვალუტა შეინარჩუნა და არ შეუერთდა შენგენის ზონას.
გარდამავალი პერიოდი, რომელშიც 31 იანვრიდან დაიწყო, 2020 წლის დეკემრის ბოლომდე გაგრძელდება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ 11 თვის განმავლობაში ბრიტანეთის და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩაატარებენ მოლაპარაკებებს და შეეცდებიან, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც მიაღწიონ.