ელზა პაპოშვილი
01.02.2020

თურქეთში მოკლული 53 წლის ქართველი ემიგრანტის ირმა კრავეიშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსი“ თურქეთში მცხოვრბ ემიგრანტებს ესაუბრა, რომლებიც  კრავეიშვილის მკვლელობის შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ. ემიგრანტები აცხადებენ, რომ გამორიცხულია ქართველი ქალის მიმართ ვინმეს შურისძიების მოტივი ან სხვა რაიმე პირადი კონფლიქტი ჰქონოდა.

მათი თქმით, კრავეიშვილი ერთ-ერთ ღამის კლუბში რიგით თანამშრომლად მუშაობდა და სავარაუდოდ, ის  ავტომობილში შემთხვევი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მას თურქმა თანამშრომლებმა სახლში წაყვანა შესთავაზეს. მათი ვერსიით, თავდამსხმელების სამიზნე ერთ-ერთი თურქი ქალბატონი უნდა ყოფილიყო. თუმცა ემიგრანტები ამბობენ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ თავდამსხმელი ქართველებიც იყვნენ.  

შემთხვევა თურქეთის ქალაქ კაისერში 31 იანვარს მაშინ მოხდა, როდესაც ქართველი 53 წლის ირმა კრავეიშვილი მეგობრებთან  ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა. 

იციდენტი ერთ-ერთი ღამის კლუბთან მოხდა, რომელშიც ქართველი ქალი და მისი თურქი მეგობრები მუშაობდნენ. გვიან ღამით ისინი მანქანაში იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც კლუბიდან  სახლში ბრუნდებოდნენ.

ირმა კრავეიშვილთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალბატონები ისხდნენ. უცნობია მანქანის მისამართით ერთმა პირმა გახსნა ცეცხლი,  თუ რამდენიმემ. ქართველი ქალი იქვე გარდაიცვალა, ხოლო 2 დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.  

„რეზონანსი“ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს, მარინა მენაბდეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მოკლული ქართველი ამ უბედურებაში შემთხვევით მოხვდა. მისი თქმით, სავარაუდო შურისძიების ობიექტი თურქი ქლები უნდა ყოფილიყვნენ.  

„ირმაც ჩვენსავით ლუკმა პურის საშოვნელად იყო ჩამოსული. ერთ-ერთ ღამის კლუბში რიგითი თანამშრომელი იყო. ბიზნესი მაგას არ ჰქონდა და ფული - რატომ უნდა მოეკლათ?! ჩვენც ვვარაუდობთ და თურქულ მედიაშიც ასე გაიჟღერა, რომ თავდასხმის ობიექტი მისი თანამშრომელი თურქი ქალები უნდა ყოფილიყვნენ. 

„ის არის სრულიად შემთხვევითი მსხვერპლი, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. თანამშრომლებს სახლში მიჰყავდათ და იმ მანქანაში იმიტომ იჯდა. 

„ფაქტობრივად, ჩაცხრილულები არიან. არსებობს თავდამსხმელების შესახებ ორი ვარაუდი. აქ მედია წერს, რომ არ არის გამორიცხული თავდამსხმელები ქაართველებიც ყოფილიყვნენ, თუმცა რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას, ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, რამდენი ადამიანი ისროდა. ფაქტი ერთია, რომ ავტომობილი სრულიად დაცხრილულია. როგორც ვიცით, გადმოსვენების პრობლემაც იყო და ახლა რა ხდება, ჯერ არ ვიცით“, - აცახდებს მენაბდე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×