
რუსეთის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში რეზონანსული სკანდალია - დეპარტამენტის რამდენიმე ხელმძღვანელი „კანონიერი ქურდისგან" 400 ათასი დოლარის ქრთამად მიღების ბრალდებით დააკავეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, „კრიმინალურმა ავტორიტეტმა" თავად დაწერა განცხადება ძალოვნების მისგან თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ევგენი კუზინსა და „ეფ-ეს-ბეს" ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მე-8 დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე იგორ ფროლოვს „კანონიერ ქურდ" მირონ ამადიანისაგან (იგივე დიმიტრი ჭანტურია - მეტსახელად „მირონი") 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრამდე 351 900 ამერიკული დოლარისა და პოდმოსკოვიეს რაიონში მიწის ნაკვეთის მიღებაში ედებათ ბრალი. გამოძიების ცნობით, „მირონი" კუზინს თვეში 100 000 დოლარს უხდიდა, ის კი ამ თანხის ნაწილს ფროლოვს აძლევდა.
სანაცვლოდ კი ისინი პირობას იძლეოდნენ, რომ არ აღძრავდნენ საქმეს ამადიანის წინააღმდეგ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლეს საფეხურზე ყოფნა).
ამადიანი „ქურდული სამყაროს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური გენერლის, 2013 წელს მოკლული ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის" ნათესავი და მისი კრიმინალური იმპერიის ფაქტობრივი მემკვიდრეა.
ერთ-ერთი ვერსიით, ძალოვნები თავად დაუკავშირდნენ ამადიანს და მის წინააღმდეგ „კანონიერი ქურდობისათვის" საქმის აღძვრით დაემუქრენ. ამის თავიდან ასაცილებლად ამადიანმა მათ პოდმოსკოვიეში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადასცა, თუმცა ძალოვნებმა მისგან კიდევ დამატებით მილიონი დოლარი მოითხოვეს.
გამოძიების მონაცემებით, კუზინმა და ფროლოვმა ოქტომბრიდან იანვრის ბოლომდე, რამდენიმე ტრანშის სახით, 400 ათასამდე დოლარი მიიღეს.
კუზინი და ფროლოვი „ეფ-ეს-ბეს" ტანამშრომლებმა 29 იანვარს დააპატიმრეს. კუზინს 15 წლით პატიმრობა და მოზრდილი ჯარიმა ემუქრება, რომელიც, რუსული კანონმდებლობის თანახმად, ქრთამად აღებულ თანხაზე თანხაზე 70 ჯერ მეტია - ანუ, ჯამში დაახლოებით 28 მლნ დოლარი. რაც შეეხება ამჟამად პენსიონერ ფლოროვს, მას, როგორც შუამავალს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
არსებობს ვარაუდი, რომ იგორ ფროლოვი „მირონის" „უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომელი იყო და სწორედ ის გახდა შუამავალი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელსა და კრიმინალურ ავტორიტეტს შორის. თავად ფროლოვი რამდენიმე წლის წინ გაუშვეს „ეფ-ეს-ბე"-დან „მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის" ბრალდებით.