თამთა ჩაჩანიძე
04.02.2020

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის შესაძლო მასშტაბურად განვითარების შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპისთვის ზუსტ პროგნოზირებას ვერ აკეთებს, თუმცა ინფიცირებულთა შესაძლო ფართომასშტაბიანი განაწილებისთვის ემზადება. ამის შესახებ სამშაბათს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი კრაევოიმ განაცხადა.

„ეს ინფექცია ჩვენს ქვეყანაში როგორ განვითარდება, ჯერ კიდევ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რადგან არ გვაქვს საკმარისად ზუსტი კოეფიციენტები, რომელიც შეგვიძლია ჩვენს მათემატიკურ მოდელში გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ კვლავ ვემზადებით შესაძლო ფართომასშტაბიანი ეპიდემიიისთვის", - განაცხადა კრაევოიმ.

სამინისტროს ცნობით, უკვე შერჩეული ადგილი, სადაც მოხდება კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების გარემო სამყაროსგან იზოლირება. იქ შესაბამისი სპეციალისტები გაემგზავრებიან ადგილობრივი პერსონალის გადამზადებისათვის.

„ამ ეტაპისთვის, ფაქტობრივად დადგენილია ადგილი, სადაც ევაკუაცია განხორციელდება. დღეს იქ სპეციალისტები, ინფექციური დაავადებების ექიმები, ეპიდემიოლოგები, რევმატოლოგები გაიგზავნებიან. ისინი მასტერკლასებს ჩაუტარებენ იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ინკუბაციურ პერიოდში საკარანტინო საქმიანობაში ჩაერთვებიან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ორგანიზებულად ევაკუაცია 2 თებერვლიდან დაიწყო და უკვე ზუსტადაა განსაზღვრული იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კრაევოის ცნობით, მათ შორის არიან როგორც რუსეთის, ასევე დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×