ელზა პაპოშვილი
05.02.2020

თბილისში, ნაძალადევის რაიონიში, ზესტაფონის ქუჩაზე , მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზევე დაღუპა, მეორე კი ამდრომდე მართვის სუნთქვაზე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა სასწრაფო ოპრეცია დაიწყონ.  მუშას სხეულის მიდამოებსა  და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს. 

„რეზონანსი“ ადგილზე თვითმხილველებს გაესაუბრა, რომლებიც ყვებიან, რომ ორივე მუშა 21 დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. 21 წლისა, როდესაც მის დასახმარებლად მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო. 

თვითმხილველი ლევან ბუჩუკური „რეზონანსთან“ ყვება, რომ ორივე მუშა ტვირთის ამწევ კალათზე  ტვირთთან ერთად იდგნენ, როდესაც სავარაუდოდ  ტროსი გაწყდა და ორივე დაბლა ჩამოვარდა. ამბობს, რომ მუშები სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილები იყვნენ, თუმცა მათ ამან ვერ უშველა. 

ბუჩუკური ყვება, რომ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს და  როდესაც ხმაურის ხმა გაიგონა, ადგილზე მივიდა. მისი თქმით, ყვიროდნენ, რომ ტროსი  გაწყდა და მუშები ჩამოცვივდნენო. შემთხვევა 12 საათზე მოხდა. 

„21 დან 25 წლამდე ბიჭები არიან. ცემენტი აქონდათო, თვითონაც აყვნენ და ტროსი გაწყდა. ერთი პრარაბი ყოფილა. როცა მე მივედი, 21 წალის ბიჭი  უკვე გარდაცვლილი იყო, კისერი  ჰქონდა ეტყობა მოწყვეტილი. მეორეს კიდევ პულსი ესინჯებოდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. სპეციალური ეკიპირება მე რაც დავინახე ორივეს ეცვა, მაგრამ ვერ უშველათ, რადგანაც საკმაოდ დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნენ. ეს კორპუსი ისე აშენდა, არაფერი მომხდარა და რა მოხდა და ახლა რატომ დაუშვეს ეს შეცდომა, არ ვიცი. სავარაუდოდ, პატარა ყურადღების მოდუნება იყო, რაც ფატალურად დასრულდა“,-აცხადებს თვითმხილველი „რეზონანსთან“ . 

შრომის ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ  წინასწარი დათვალიერების შედეგებმა  ადგილზე უსაფრთხოების ზომები სავარაუდო დარღვევა აჩვენა.  ასევე ადგილი აქვს არა ერთ კრიტიკულ დარღვევას და იმავე წყაროს ინფორმაციით, გადამზიდი მოწყობილობა, რითიც მძიმე ტვირთების გადაზიდვა ხდებოდა, კუსტარულად იყო დამზადებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. 

ადგილი შეისწავლეს ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებმა.  

"კანონში ჩაიწერა ის რეალურად, რაც უნდა ჩაწერილიყო. ახლა არის ერთადერთი აღსრულების პრობლემა. სამწუხაროდ ისევ მაღალია დაღუპულთა სტატისტიკა სამშენებლო სექტორში. 2018 წელს იყო 16 ადამიანი გარდაცვლილი მხოლოდ მშენებლობაზე, 2019 გვაქვს 19 სასიკვდილო შემთხვევა სამშენებლო სექტორში და ამ მხრივ დინამიკა კვლავ მძიმეა," - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ნიკა კაკაშვილმა.

შს სამინისტროში საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით აღიძრა, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

ექიმი ხათუნა ხოფერია კი ჟურნალისტებთან საუბრისას, აცხადებს, რომ მეორე დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალა ტვინის ტრავმა აქვს. 

„სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა აქვს, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი, ხერხემლის დაზიანებაა განივი მორჩების, ბარძაყის ძვალი მოტეხილია, საჯდომი მოტეხილია. პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის შოკური მდგომარეობა. მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია," - აცხადებს ექიმი ხათუნა ხუფენია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×