ელზა პაპოშვილი
05.02.2020

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მცხოვრები სამოქალაქო პირი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა მონასტრის კელიაში მოხდა და ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან  გარდაიცვალა.  მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდნენ და ბერებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.  

მამა ბენიამინი (ბელქანია) „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მათ გარდაცვლილი დილით საწოლში იპოვეს. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ როდესაც გარდაცვლილი კელიიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოვიდა, ისინი მის მოსაკითხად შიგნით შევიდნენ. საწოლში კი საშინელი სურათი დახვდათ, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. წინამძღვარი ამბობს, რომ მას შელაპარაკება წინა დღეს, ერთ-ერთ იქ მცხოვრებ სამოქალაქო პირთან მოუვიდა, რომელიც ამ მკვლელობის გახმაურების შემდეგ მონასტერში ვეღარ იპოვეს. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. 

„სტუმრები არიან ორივენი, გარდაცვლილიც და ის ადამიანიც, ვიზეც ეჭვი გვაქვს, რომ დანაშაული  ჩაიდინა. წინა დღეს მოსვლიათ კონფლიქტი. აქ ღვთის სახლია და ყველას ვიფარებთ – უსახლკაროებს, ყოფილ პატიმრებს, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს და ასე შემდეგ. ვაჭმევთ და თავშესაფარს ვაძლევთ. ეს გარდაცვლილიც სტუმარი იყო. აქ ცხოვრობდა რამდენიმე ხანია უკვე. დილით რომ არ გამოვიდა საჭმელად, კელიაში მივაკითხეთ და ყელგამოჭრილი დაგვხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია, არ ვიცით, ეს დანაშაული რატომ ჩაიდინა. ალბათ პოლიცია იპოვის და იტყვის. გაიქცა და ვერ ვიპოვეთ მონასტერში“, - აცახდებს „რეზონანსთან“ წინამღძვარი. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×