ელზა პაპოშვილი
07.02.2020

დუშეთის სოფელ გრემისხევში 57 წლის ქალი მგელმა დაგლიჯა. ცისანა ხუბაშვილს  დაზიანებები სახის,  ზედა და ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ცისანა ხუბაშვილი  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას მგელი მაშინ დაესხა თავს, როდესაც  სახლიდან პირუტყვი გამოიყვანა. 

ხუბაშვილი ამბობს, რომ მგელი მას გვერდიდან მიეპარა და დაგლეჯვა სცადა. მას თავი უკვე  გაუკერეს, თუმცა ახლა ხელზე ოპერაციის  გაკეთებას აპირებენ. დაზარალებული ყვება, რომ მას მგელი ადრეც დაუნახავს, თუმცა თავდასხმა პირველად მოხდა და ასევე, პირველი შემთხვევაა, რომ ის სოფელში ასე ღიად გამოჩნდა. 

„ადრე, რამოდენიმე წლის წინ სოფელში მგელმა ბავშვიც დაგვიგლიჯა. ადრეც შეგვიმჩნევია, მაგრამ არ გვეგონა, რომ ასე ახლოს მოვიდოდა. გარეთ, როგორც კი საქონელი გამოვრეკე, გვერდიდან დამეჯახა და ჩემი დაგლეჯვა სცადა. თავის და ხელის არეში, დაზიანებები მივიღე. თავი გამიკერეს და ხელზე ოპერაციასაც გამიკეთებენ. ჩემს ყვირილზე გაიქცა, ხელით სახეს და თავს ვიცავდი. თქვეს, რომ არ არის ისე საშიში, რომ მისი ლიკვიდაცია მოვახდინოთო. ფაქტია, რომ სოფელში უკვე აშკარად ჩამოდის“,-აცხადებს დაზარალებული ცისანა ხუბაშვილი. 

მედიკოსების განცხადებით, ცისანა ხუბაშვილს შედარებით მძიმე დაზიანებები სახესა და ზედა კიდურზე აქვს მიღებული. ქირურგები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე დადებითად აფასებენ. 

როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქალს ყველაზე მძიმე დაზიანებები სახის და მარცხენა კიდურის არეში აღენიშნება.

„დაგლეჯილი აქვს სახე, ორივე კიდური და ზურგი. ყველაზე მძიმე დაზიანებები იყო სახის და მარცხენა ზედა კიდურის არეში. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადება სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ფერაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×