
თბილისში, პეკინის ქუჩაზე არასრუწლოვნებმა საიუველირო მაღაზია Red Berry გატეხეს. მათ ჩაქუჩების და ქვების დახმარებით ჯერ მაღაზიის ვიტრინები დალეწეს შემდეგ კი მაღაზიიდან ძვირფასეულბა წაიღეს. ეს ყველაფერი კი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მაღაზიაში „რეზონანსს“ ჯერჯერობით არ უდასტურებენ რა რაოდენობის თანხაა წაღებული, თუმცა აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, საუბარი ათეულ ათასობით ლარზე უნდა იყოს, რადგანაც ზოგიერთი ნივთის ღირებულება 2 ათას ლარს აღემატება.
მაღაზიაში აცხადებენ, რომ მძარცველებმა დიდი ოდენიბით ოქრო, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები წაიღეს. პეკინზე სხვა მაღაზიის მეპატრონეებიც აცხადებენ, რომ მსგავსი ძარცვის ფაქტები არა ერთი ყოფილა და მათი მაღაზიებიც რამდენჯერმე გაძარცვულა. ამიტომაც ზოგმა მათგანმა დაჯავშნული შუშები ჩასვა, თუმცა მისი დაყენება საკმაოდ ძვირი ჯდება. მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ სხვა გზა არა აქვთ და ცდილობენ, რომ საკუთარი მაღაზიები თავადვე დაიცვან.
„მაღაზიის დირექტორი საგამოძიებო მოქმედებებშია ჩართული და ის პოლიციის მიერ იკითხება. ამის შემდეგ კი კონკრეტულად გახდება ცნობილი მაღაზიას რა ზარალი მიადგა. თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულ ნივთებზეა საუბარი. ქვით და ჩაქუჩი უმტვრევიათ ვიტრინები. წამებში რისი წაღებაც მოასწრეს, წაიღეს და გაიქცნენ. პეკინზე მუდმივად სულ ასეთი ამბავია. ხან ტანსაცმლის მაღაზიას ძარცვავენ, ხან ტექნიკის და ხან ძვირფასეულობის. ვისაც ჯერჯერობით თავი რაიმე ბარიკადებით და ბრონირებული შუშებით დაცული არა აქვს, ასე ძარცვავენ. ჩვეულებრივი ჯგუფებია, ბანდები ასე ვთქვათ, რომლებიც კონკრეტულ ქუჩაზე მოქმედებენ“, - აცახდებს „რეზონანსთან“ მაღაზიის გამყიდველი.
თბილისის სხვადასხვა უბნებში აცხადებენ, რომ არასრუწლოვანთა ბანდები მოქმედებს, რომლებიც ორგანიზებულად, ათ და მეტკაციანი ჯგუფებით, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ძარცვავენ მაღაზიებს, თავს ესხმიან ბაზრის მოვაჭრეებს და გასაყიდ პროდუქტს სტაცებენ. ასეთი ფაქტები უკვე დაფიქსირდა გლდანისა და დიდუბის ბაზრებში, ასევე კოსტავაზე, პეკინსა და მეტრო „ახმეტელთან“ მდებარე მაღაზიებში.
მსგავსი შემთხვევა ასევე, გლდანში 14 იანვარს გამთენიისას ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ტექნიკის მაღაზია „გრანდ ელექტონიქსს“ 13-მდე არასრუწლოვანი თავს დაესხა. მათ 20-მდე ძვირად ღირებული ტელეფონების მოპარვა მოახერხეს.
მაღაზიის სათვალთვალო კამერებში კარგად არის ასახული, არასრუწლოვნები როგორ ორგანიზებულად და სწრაფად მოქმედებენ. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ მაღაზიაში საპატრულო პოლიცია ან დაცვის სამსახური მივა, მის გაძარცვას ახერხებენ. ისინი მაღაზიის ვიტრინის ჩამსხვრევას ქვით და რკინის ჯოხებით ახერხებენ. სახე კი დაფარული აქვთ, რათა მათი იდენტიფიცირება გაჭირდეს.
როგორც ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, არასრუწლოვნები მაღაზიაში დაახლოვებით დილის 5 საათზე რამდენჯერმე შეიჭრნენ. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს და მათ უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ არასრუწლოვნების კარგად ორგანიზებულ ბანდასთან აქვთ საქმე, რომლებსაც ვიღაც ხელმძღვანელობს და კონკრეტულ დავალებებს აძლევს.
პეკინის გამზირზე ამავე მეთოდებით არასრუწლოვნებმა ბოლო პერიოდში საიუველირო და ტანსაცმლის მაღაზიები გაძარცვეს. აქაც მაღაზიების მეპატრონეებს ეჭვი აქვთ, რომ ბავშვების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება დგას.
12 იანვარს ასევე თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს. ამ შემთხვევაშიც ძვირად ღირებული ტელეფონებია წაღებული. არსებობს ვარაუდი, რომ აქაც არასრუწლოვნები მოქმედებდნენ. ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარი, საიდანაც მძარცველები შევიდნენ.
17 დეკემბერს კი პეკინზე „აიპლუსის“ მაღაზია გაძარცვეს. „აიპლუსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 16 000 ლარის ოდენობის პროდუქციაა წაღებული. ამ შემთხვაშიც სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში არასრუწლოვნები ჩანან.