
ცნობილი „კანონიერი ქურდის", ვიაჩესლავ ივანკოვის, იმავე „იაპონჩიკის" მკვლელობიაში თანამონაწილეობის ბრალდებით ხუთშაბათს მოსკოვში 61 წლის მურთაზ შადანია დააკავეს. მას ბრალად ედება 2009 წელს „იაპონჩიკის" მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა, მომავალი მსხვერპლის თვალთვალი და მკვლელობის უშუალო შემსრულებლისთვის იარაღის გადაცემა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
მურთაზ შადანია ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „მსგავსი არაფერი გაუკეთებია":
„საქმის ჩამოწერა უნდათ და სწორედ ამიტომ იპოვეს ის, ვისაც დასდებენ ბრალს - მე. ავად ვარ და როდის მოვკვდები, არ ვიცი - შეიძლება დღეს, შეიძლება - ხვალ. ამით ჩემს ოჯახს კიდევ დაუმატეს ტრავმა", - განაცხადა შადანიამ სასამართლოზე.
გამოძიების ინფორმაციით, მას ონკოლოგიური დაავადება აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ შადანიამ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ განაცხადა, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ის მაინც წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების შეფასებით, შადანიას მდგომარეობა იმდენად მძიმე არ არის, რომ პატიმრობამ დაავადების გართულება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ პირველად სასამართლომ შადანია „იაპონჩიკის" მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით 29 იანვარს დაიკითხა, თუმცა გაუშვეს. მეორედ 5 თებერვალს გამოიძახეს სასამართლოში და წარუდგინეს ბრალი, რის შემდეგაც დააკავეს.
ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის გამოძიება კი 1 მაისამდე გააგძელეს. აღსანიშნავია, რომ „კრიმინალური გენერლის" მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე 2009 წლის შემდეგ არაერთხელ შეჩერებულა და განახლებულა.
გამოძიების მტკიცებით, მურთაზ შადანია კრიმინალური ავტორიტეტის, „მახოს" სახელით ცნობილი ილია სიმონიას დავალებით მოქმედებდა, რომელსაც გამოძიება „იაპონჩიკის" მკვლელობის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს და რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მურთაზ შადანიამ სნაიპერული შაშხანა მიიტანა დანაშაულის ადგილზე და გადასცა ქილერს, რომლიც 2009 წლის 28 ივლისს რესტორან „ტაისკი სლონთან" ავტომობილ „გაზელიდან" უთვალთვალებდა „იაპონჩიკს". ხოლო შადანია კი, სავარაუდოდ, მკვლელობის დღეს უთვალთვალებდა ტერიტორიას, სადაც „იაპონჩიკის" იმყოფებოდა.
შადანიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი - „მკვლელობის განმახორციელებლი ორგანიზებული ჯგუფის წევრობა" და „იარაღის უკანონო გადატანა".
61 წლის მურთაზ შადანია სამჯერ იყო ნასამართლევი. ბოლოს ის 2012 წელს (ივანკოვის მკვლელობის შემდეგ) ქურდობისთვის დააკავეს.
ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წლის 28 ივლისს დაჭრეს რესტორან „ტაისკი სლონიდან" გამოსვლისას, ქილერმა მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა მიაყენა სნაიპერული იარაღიდან.
მიუხედავად იმისა, რომ „იაპონჩიკს" ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა და 2009 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.