ელზა პაპოშვილი
09.02.2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გოგო 18 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. სკოლაში მიმავალი გოგონა თანასოფლელმა ბიჭმა ბიძაშვილის დახმარებით მოიტაცა და რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გამტაცებლის ბიძამ ის სახლში დააბრუნა.

გოგონას ახლობლები „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ სანამ ამბავი მედიით არ გახმაურდა, მანამდე პოლიცია დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას არ აპირებდა. მათივე თქმით, ეს მოტაცების პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები მათ სოფელში  კვლავ ხშირად ხდება. თუმცა ოჯახების უმეტესობა მისი გახმაურებისგან თავს იკავებს.

შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა, გოგონა მისთვის სრულიად უცნობმა ბიჭმა მოიტაცა, რომელმაც ის ქუჩაში მხოლოდ ერთხელ - წინა დღეს დაინახა და ამის შემდეგ მისი მოტაცება გადაწყვიტა.

იმ სკოლის დირექტორი, სადაც ეს გოგონა სწავლობს, დავით როსტიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ფაქტი მალევე გაიგეს და პოლიციას და სოციალურ მუშაკებს აცნობეს. დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო, გამტაცებლის ბიძამ არასრულწლოვანი გოგო სახლში დააბრუნა. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

გოგონას მშობლები კი  ამბობენ, რომ მათი შვილი არასრუწლოვანი ძმის თვალწინ მოიტაცეს, როდესაც სკოლაში ერთად მიდიოდნენ. ამის გამო კი ორივე მოზარდს მძიმე სტრესი აქვთ მიღებული. მათივე განმარტებით, როდესაც პოლიცია და მედია საქმეში ჩაერთო, გოგონა ბიჭის მშობლებმა სახლში დააბრუნეს, თუმცა ისინი ბიჭის დასჯას  უმკაცრესად მოითხოვენ. 

„,ბავში ჯერ  15 წლის  არის, რა დროს მისი გათხოვებაა. თან ასე სრულიად უცხო ადამიანზე ხომ გამორიცხულია. წინა დღეს  ქუჩაში  მიმავალი დაუნახავს  და მეორე დღეს მოიტაცა. ბავშვი უკან მოიყვანეს, მაგრამ ის ბიჭი არ დაისჯებოდა, რომ არა მედიის ხმაური. 

„როდემდე უნდა გვეჯდნენ სახლში ჩვენი შვილები მისნაირების შიშით, ეს ხომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას. მართალია, მისმა ბიძამ უკან უვნებლი დაგვიბრუნა, მაგრამ გოგონასაც და მის ძმასაც სერიოზული სტრესი აქვთ მიღებული. უმძიმეს მდგომარეობაში არიან“, - აცხადებს  გოგონას დედა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. 

მათი ცნობით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

„გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×