
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფემიციდის ნიშნით ქალების მკვლელობა კვლავ გამოწვევად რჩება და ყოველ წელს მედიას და საზოგადოებას ისევ ამ პრობლემაზე საუბარი უწევს. რატომ კლავენ კაცები საქართველოში ქალებს? უფლებადამცველები და ფსიქოლოგები სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ მძიმე დანაშაულის დასასჯელად სახელმწიფო სათანადო ბერკეტს არ იყენებს და დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული კაცები ქალებსის მკვლელობებს განაგრძობენ.
10 თებერვალს ახალციხეში მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. რომ არა მეზობლები, ქალი მოკვდებოდა. ის სასწრაფომ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი გადარჩენა მოხერხდა. თუმცა მამაკაცი გაიქცა. ის 11 თებერვალს პოლიციამ ტყეში ჩამომხვრჩვალი იპოვა. მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მას ეგონა ცოლი მოკლა და თავს განაჩენი თავადვე გამოუტანა.
„ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ, შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. საწყალმა არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობენ მეზობლები.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ უტარდება, მაგრამ რჩება ჩვენთან," - აღნიშნა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
თბილისში, ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი კი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ყელის არეში დანით ყოფილმა ქმარმა მიაყენა. რომ არა გამვლელი მამაკაცი, რომელმაც მოძალადე ქმრის შეჩერება შეძლო, ქალი დაიღუპებოდა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ კაცი მოულოდნელად უკნიდან ორ ქალს მიუახლოვდა, ერთი მისი ყოფილი ცოლი და მეორე ყოფილი ცოლისდა. ყოფილ ცოლს ესევ დანით ყელის მიდამოში დანა დაუსვა. ქალების ყვირილზე კი გამვლელი კაცი შემობრუნდა, რომელმაც ბრალდებული გააკავა.
„დავინახეთ, რომ ორი ახალგაზრდა გოოგ მოდიოდა. დები ყოფილან. უკნიდან სწრაფი ნაბიჯით მამაკაცი მიუახლოვდათ. ხელში დანა ეჭირა და ესევე უსიტყვოდ ყელის მიდამოში დაუსვა. დამ ყვირილი დაიწყო მიშველეთო. რომ არა გამვლელი ბიჭი, რომელმაც ხელიდან დანა წაართვა და დაბლა დააგდო, ალბათ ასე დანით დაკლავდა რასაც ჰქვია. ამ ბიჭმა იმარჯვა და მხოლოდ მსუბუქად დაჭრა მოასწრო. თურმე ციხიდან ახალი გამოსული ყოფილა და ყოფილ ცოლს სახლთან უთვალთვალებდა. დებს უკან ადევნებია“, - აცხადებს თვითმხილველი „რეზონანსთან“.
დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„რეზონანსთან“ კი ფსიქოლოგი ნანა ხარაზიშვილი ამბობს, რომ ფემიციდის ნიშნით ქალის ჩაგვრა საქართველოში მუდმივად იყო, თუმცა ამაზე ხმის ამოღება ქალებმა ბოლო რამდენიმე წელია რაც დაიწყეს. საქართველოში ქალზე ძალადობა და ქმრის მხრიდან მისი ჩაგვრა ბევრი ქალისთვის ნორმად ითვლება და ამიტომაც ამაზე ღიად საუბარს თავად მსხვერპლიც ერიდება.
მისი თქმით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა, იზრდებოდნენ ძალიან მკაცრად, დედა სჯიდა ფიზიკურად, იყვნენ სტრესში. ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. ბიჭუნა პატარა, დედას ვერაფერს დაუშავებს, შემდეგ ეს გადაიღვრება და აღმოცენდება ხოლმე ცოლთან ურთიერთობაში. ანუ გამოდის, რომ თავად ქალები წარმოქმნიან ამ ძალადობას. თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზი არ არის და პრობლემა კიდევ უფრო კომპლექსურია.
„სამწუხაროდ მამაკაცის მსხვერპლ ქალებიც ფსიქიკურად ჩვეულებრივი სტანდარტის მქონეები არ არიან. ჩვეულებრივ ქალს, რომელსაც ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, არ აქვს მიდრეკილება მოირგოს მსხვერპლის როლი, შესაძლოა ერთხელ დაუყვიროს კაცმა, ან ერთხელ აწიოს მასზე ხელი, მაგრამ ეს იქნება საბოლოო. ჯანსაღი ფსიქიკის ქალი არ გაუჩერდება ასეთ მამაკაცს. ის მაშინვე გააგებინებს, რომ მასთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ხოლო მსხვერპლი ქალები, ამ მსხვერპლის როლს ირგებენ. ესეც რა თქმა უნდა ბავშვობიდან გამომდინარეა. ბავშვობიდან უწევთ მსხვერპლის როლში ყოფნა და ბოლომდე ასე გრძელდება“, - აცხადებს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, ბევრ ქალს შესაძლოა წსავალც უნდა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს. მშობლებთან ვერ ბრუნდება, რადგანაც შესაძლოა ძმა და რძალი ჰყავს. ისინი მას არ იღებენ და ეკონომიურადაც არ არის დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ბავშვებთან ერთად ცხოვრებას შეძლებს. ამიტომაც იძულებულია, რომ ქმრისგან ძალადობა ითმინოს.
„ძალიან ბევრი ქალი მინახავს, რომელზეც ქმარი ძალადობდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ნორმა იყო. დედას ცემდა ქმარი, ბებიას ცემდა ქმარი, რა მოხდა მერე, მთავარია ჩვენ ოჯახი შევინარჩუნეთ, ცოცხლები ვართ, ბავშვები გავაჩინეთ, შენც იგივენაირად უნდა მოიქცე. ერთის მხრივ, ქალს ასეთი აღზრდა აქვს მიღებული, მეორეს მხრივ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მშობლების და ოჯახის მხრიდან. სამართალდამცველების მხრიდანაც იშვიათია, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ. ეს ქალი გამოდის აბსოლუტურად დაუცველი“,-აცახდებს ფსიქოლოგი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევის თანახმად, ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის გამოკვლევის (2008-2010 წწ) მიხედვით კი, საქართველოში ყოველი მესამე ქალი გამხდარა სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ელისო ამირეჯიბი ვარაუდობს, რომ კვლევების მიღმა რეალურად არსებული სურათი კიდევ უფრო მძიმეა. ქალების უმრავლესობა, მისი თქმით, მაინც ერიდება ლაპარაკს - მათ არ გააჩნიათ საკუთრება, შემოსავალი, დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, არა აქვთ არჩევანის საშუალება.