
13 000 დოლარი ჩვილის სანაცვლოდ-სამშობიარო „ბაიებიდან“ სავარაუდოდ გაშვილების მიზნით ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ, სადაც ახალშობილის დედამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, დედა ექიმებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ბავშვის მყიდველიც მათ მოძებნეს. ხოლო აღებული თანხის გაყოფასუაზე აპირებდნენ. კლინიკაში „რეზონანსს“ უდასტურებენ, რომ ამ საავადმყოფოს ორი ექიმია დაკავებული, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არავს სურს და მედიასთან კონტაქტსაც ერიდებიან.
კლინიკის დირექტორი ნია ონიაშვილი კი კატეგორიულად უარყოფს, რომ დაკავებული ექიმები მისი კლინიკის თანამშრომლები არიან. ის ადასტურებს, რომ ახალშობილი მათ კლინიკაში გაჩნდა, თუმცა ამბობს, რომ დედის დაკავება მხოლოდ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოხდა.
ამ ფაქტზე კი სულ 7 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ტრეფიკინგის ბრალდებით ადრეც არის ნასამართლევი.
კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ბავშვი ნამდვილად მათთან დაიბადა და დედა საკეისრო კვეთით ამშობიარეს, თუმცა ახალშობილის გაყიდვა მათი კლინიკიდან არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაყიდვის ფაქტის შესახებ მხოლოდ მედიით შეიტყვეს.
„აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ბავშვის გაყიდვა ჩვენი კლინიკიდან მოხდა. ამ ქალმა ნამდვილად ჩვენთან იმშობიარა, გიდასტურებთ, თუმცა ეს დანაშაული გაწერის შემდეგ მოხდა. არ ვიცი რატომ მოხდა ექიმების დაკავება. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენც მომხდარის გამო სრულიად გაოგნებულები ვართ და ამ საზარელ დანაშაულს ვემიჯნებით“,-აცხადებენ კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსთან“.
მათივე თქმით, ამ საზარელ დანაშაულში კლინიკის დირექტორს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ბავშვის გაყიდვის საქმეში ის არაფერ შუაში არ არის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმია.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.
ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.
საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,"- განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.
საქმეზე გამოძიება 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 14-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.