
ორ ექვსი წლის გოგონაზე გარყვნილი ქმედების გამო 35 წლის მამაკაცი დააკავეს. მას პოლიცია 8 თვის განმავლობაში ეძებდა. გ. ჯ. 8 წელს პატიმრობაში გაატარებს. ერთი მოზარდი მისი დისშვილია, მეორე კი მეზობელი. ბავშვები თანაკლასელები არიან. როგორც ერთ-ერთი გოგონას დედა ყვება, პირველი შემთხვევა გ.ჯ-ს სახლში მოხდა, მეორე ერთ-ერთი სოფლის თონეში.
„რეზონანსი“ შეგნებულად არ ასახელებს დაკავებულის ვინაობას და სოფელს, რადგანაც საქმე სენსიტიურია და თანაც არასრუწლოვნებს ეხება. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამაკაცი მსგავსი ფაქტის გამო ადრეც გასამართლებული იყო და მან 3 წელი მოიხადა.
გარყვნილი ქმედების შესახებ პირველად მამაკაცის ბიძაშვილმა შეიტყო, რის შემდეგაც მომხდარი მეზობელი ბავშვის ოჯახს და პოლიციას შეატყობინა. გ. ჯ.-ს დაკავება მაშინ პოლიციამ ვერ მოასწრო, ის სოფლიდან გაიქცა და 8 თვის გაანმავლობაში იმალებოდა.
სასამართლომ ამ გარყვნილი ქმედების გამო პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ეს ბიჭი გარყვნილი ქმედებების გამო უკვე მეორედ დააკავეს. პირველი შემთხვევა 2006 წელს მოხდა, მაშინ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი შემთხვევის დროსაც ძალადობა მცირეწლოვან გოგონაზე სცადა, ისიც ამ სოფლის მცხოვრებია. როგორც ამბობენ, ამ ბიჭს ბიძაშვილმა მიატანა და მაშინვე ოჯახს და პოლიციას შეატყობინა. ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რატომ არ მოარიდეს ბავშვები არ ვიცი. სოფელში ყველამ კარგად იცოდა, რისი მკადრებელიც იყო და ამიტომ ერიდებოდნენ. გაქცეული იყო და ეძებდნენ. პოლიციას თავად ამ ბიჭის ოჯახმა შეატყობინა, როგორც ვიცი“, - აცხადებს „რეზონანსთან“ დაკავებულის მეზობელი.
მრავალჯერადი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ორივე 6 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ბავშვები სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად იკითხებოდნენ. სასამართლო პროცესები არსებული სიმძიმისა და საქმეში ფიგურანტი მცირეწლოვნების გამო დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სოცმუშაკი ამბობს, რომ გ.ჯ-ს დისშვილი, შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ნათესავთან საიმედო გარემოში გადაიყვანეს.
2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში 39 პირია მხილებული, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16.
2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.