ელზა პაპოშვილი
14.02.2020

მკვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში. 60  წლის ქალი მეზობლებმა ქუჩაში მოკლული იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ყაჩაღობას ასახელებენ. 

მათი აზრით, ქალი გაძარცვის მიზნით მოკლეს. მას სახლთან ახლოს მაღაზია ჰქონდა და სწორედ იქიდან წამოსვლისას  გზაზე თავს დაესხნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სახლთან ახლოს 50 მეტრში უკვე გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, თავდამსხმელმა მას ფული მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ის მოკლა. დანაშაული საღამოს 8 საათისთვის არის ჩადენილი და ადგილობრივები გამორიცხავენ, რომ ამის ჩამდენი უცხო პირი იყოს. 

„სახლიდან 50 მეტრში  მეზობლება იპოვეს. საღამოს სტუმრად იყვნენ და გზაზე მოდიოდნენ. დაინახეს, რომ ღობესთან ქალი იწვა. მივარდნენ, ეგონათ ცუდად იყო, მაგრამ საწყალი თავი ჰქონდა გახეთქილი და უკვე  გარდაცვლილი იყო. თავში აქვს ბლაგვი საგანი ნარტყამი. მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ალბათ თავდამსხმელმა უთვალთვალა. 

დაინახა, რომ სალაროდან ფული აიღო და უკან აჰყვა. არ ვიცი, უცხო აქ ვინ უნდა მოსულიყო. მაღაზიაში მისი ქმარი უნდა წასულიყო და ეს საწყალი უკან სახლში ბრუნდებოდა. გამორიცხულია, რომ ვინმესთან ოჯახს რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონოდა. საკამოდ კარგი და მშვიდი ხალხია.

პირიქით, მთელს სოფელს ნისიად აძლევდნენ თუ რამე დასჭირდებოდა. არ მგონია, რომ მოვალეს ამის გამო ქალი ასე სასტიკად გაემეტებინა“, - აცხადებს ადგილობრივი მცოხვრები „რეზონანსთან“. 

ქალის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს. ქალის მკვლელობის ოფიციალური ვერსია და მოტივი  ჯერჯერობით  უცნობია. 

უკვე გამოკითხულია გარდაცვლილი ქალის თითქმის ყველა მეზობელი და ის პირები, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×