
მკვლელობა თუ თვითმკვლელობის იმიტაცია-გარდაცვლილი 32 წლის ეკა მიქავას ოჯახი მისი ქმრის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მათ სუიციდის ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ მათი შვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე დედამთილის და მეზობლის, მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
ოჯახი ამბობს, რომ ეკა მიქავას საკუთარმა მეუღლემ ჯერ სცემა, შემდეგ კი მეზობლის, მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამოკიდა. ამაში კი ოჯახი გარდაცვლილი ქმრის თანამზრახველად მის დედასა და დეპუტატს მიიჩნევს.
ეკა მიქავას ოჯახი არც ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა, რომელშიც გარდაცვლილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ინფორმაცია არ არის შეტანილი.
მიქავას ოჯახის წევრები, საქმეზე ბრალდებული სიძის ბაკურ სორდიას წინასასამართლო სხდომას დაესწრნენ, სადაც ეკა მიქავას მამამ ბრალდებულს კითხვით მიმართა: „რატომ მომიკალი შვილი?“ ამის შემდეგ კი მათ სასამართლო სხდომა დატოვეს. სორდია მოსამართლემ კვლავ წინასწარ პატირობაში დატოვა.
ეკა მიქავას ძმა ნუკრი მიქავა კი ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხები გაყალბებულია და მის ყოფილ სიძეს ხელს აფარებენ. ის დის ცხედრის ამოთხრით და პოლიციის შენობასთან დასვენებით იმუქრება.
თავის მხრივ, პროკურორი ანა არონია აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დეტალები არსებითი განხილვის პარალელურად გახდება ცნობილი.
ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა. გარდაცვლილის, ოჯახის ინფორმაციით, სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით კი მეორე დღეს მისი მეუღლე დააკავეს.
საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა კი ცოლ-ქმარს შორის არსებულ სიტუაციას კარგად იცნობდა და ამ კონფლიქტის მოგვარებით იყო დაკავებული. ეკა მიქავას სამი შვილი დარჩა და ის სოფელში ბაღის მასწავლებლად მუშაობდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ბაკურ სორდია ცოლს სისტემატიურად სცემდა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ მას მეგობარი ქალი ჰყავდა, რომლისგანაც ბავშვიც ეყოლა, რაც ცოლ-ქმარს შორის არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. სორდია სახლშიც ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა. თუმცა არც ძალადობის მსხვერპლს, არც მეზობლებს და ოჯახის წევრებს პოლიციისთვსი არასდროს მიუმართავთ.
საქმის მასალების მიხედვით კი ტრაგედიის ღამეს მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება:
იმ ღამეს ბაკურ სორდია სახლში კვლავ ნასვამი მივიდა. ხოლო საქმის მასალებიდან ხდება ცნობილი და ყველა მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სორდიას სიმთვრალეში საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა. ის აგრესიული და კონფლიქტური ხდებოდა. ამას საქმის მიხედვით არც ბრალდებული უარყოფს, რასაც უმუშევრობას და უსახსრობას უკავშირებს.
მოწმეები ყვებიან, რომ ტრაგედიის დღეს ის ცოლს კონკრეტულ ადგილას წაყოლას სთხოვდა. თუმცა სიმთვრალის გამო მას ცოლმა თხოვნაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ კი ის ცოლს ფულს სთხოვს. ამაზეც რომ უარი მიიღო, მაშინ ცოლის ცემა დაიწყო. ხოლო სიტუაციის განეიტრალების მიზნით კი მათ შორის დედამთილი ჩადგა. თუმცა სორდიამ ცემა დედასაც დაუწყო. ამიტომაც მას ბრალი დედის მიმართ ძალადობაზეც აქვს წაყენებული.
ეკა მიქავა დედამთილს გამოესარჩლა, თუმცა ქმარმა მას ისევ ცემა დაუწყო. ამის შემდეგ გოგონა გარეთ გარბის და დახმარებას მეზობელს სთხოვს, რომელიც მას არ ეხმარება. ჩვენებების მიხედვით, სორდიამ ამის შემდეგ დედის ცემა განაგრძო. თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ მამაკაცი ცოლს დაედევნა, ჯერ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემდეგ ხუბუას სახლის ბოსელში თოკით უკვე მკვდარი ჩამოკიდა, რათა მკვლელობის იმიტაცია მოეხდინა.
ეკა მიქავას საქმეს „საფარი“ იკვლევს, სადაც აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბევრი ხარვეზია და ბევრი მოწმე დაკითხული არ არის. მათი თქმით, ხუბუა და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალის გვამს დაზიანებები არ ჰქონდა, თუმცა ფოტოები სადაც მიქავას დაზიანებული სხეული ჩანს სულ სხვა რეალობას ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასევე თოკზე არსებული დნმ-ის გამოკვლევა უნდა მოხდეს, რომლის მიხედვითაც დადგინდება არის თუ არა სორდიას ანაბეჭდები. იურისტები ფიქრობენ, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება სხვა მიმართულებით უნად წავიდეს.
გამოძიება კი ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.